"მათ დავალება აქვთ პუტინისგან..." - რა მიზანი აქვს რუსულ-ბელარუსულ საჰერო წვრთნებს შოიგუ-გერასიმოვის დუეტსა და პრიგოჟინ-კადიროვ-სუროვიკინს შორის დაპირისპირების ფონზე?
16 იანვარს, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჰაერო წვრთნები დაიწყო, რომელიც 1-ლ თებერვლამდე გაგრძელდება. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ის თავდაცვითი ხასიათისაა. "სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად“, - აღნიშნულია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს "ტელეგრამგვერდზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. უწყება განმარტავს, რომ წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის.
როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, ეს უფრო იმის საჩვენებლად კეთდება, რომ უკრაინა მუდამ ელოდოს საფრთხეს ბელარუსიდან, რათა მან ფრონტის ხაზიდან თავისი ჯარების ნაწილი ბელარუსის საზღვრისკენ გადაისროლოს. ამასთანავე, როგორც ალადაშვილი გვეუბნება, 20 იანვარს გაიმართება რამშტეინის მორიგი შეხვედრა, სადაც გადაწყდება, საბოლოოდ, როგორ და რა სახის დახმარება წავა უკრაინაში.
- ნებისმიერი სამხედრო სწავლება ან წვრთნა შეიძლება ფარულად იქნას გამოყენებულ სამხედრო ძალების კონცენტრირებისთვის, რათა შემდგომ რაიმე საბრძოლო ოპერაცია განხორციელდეს. მაგალითად, ასე მოხდა 2008 წელს აგვისტოს ომის წინ, როდესაც რუსეთმა სამხედრო სწავლება "კავკასია -2008“ ჩაატარა ჩრდილო ოსეთში, როკის გვირაბთან ჰყავდა ჯარი მობილიზებული და შემდეგ ვიცით, როგორ შემოვიდნენ საქართველოში ოკუპანტები. უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა ბელარუსიდან ომის პირველივე დღიდან მოხდა, იქიდან შევიდნენ რუსი ოკუპანტები და შემდგომაც რუსები ხშირად უშვებდნენ ბელარუსის მხრიდან ხან რაკეტებს, ხან კიდევ იქედან აფრენილი თვითმფრინავები ბომბავდნენ უკრაინის ტერიტორიას.
ბოლო 3 თვეა, რაც ბელარუსის მხრიდან რუსეთს არ განუხორციელებია საჰაერო დარტყმები, რაც შეეხება ამ საჰაერო წვრთნებს, მასში მონაწილე ძალები არ არის იმ რაოდენობის, ვინმემ იფიქროს, რომ რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაზე ისეთივე მასშტაბის შეტევას აპირებს, როგორიც ეს იყო გასული წლის 24 თებერვალს. ბოლოს რუსებმა ბელარუსში 8 თვითმფრინავი ჩაიყვანეს, რომლებითაც შეიძლება რაკეტების გაშვება ბელარუსის საჰაერო სივრციდან უკრაინისკენ. მაინც მგონია, ეს არის უფრო იმის საჩვენებელი, უკრაინა მუდამ ელოდოს საფრთხეს ბელარუსიდან, რათა მან თავისი ჯარების მობილიზება ფრონტის ხაზიდან უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მოახდინოს, ეს ეშმაკური გათვლაა. თუმცა გაზაფხულზე, როცა მიწა გამოშრება და მძიმე ტექნიკის გადაადგილება იქნება შესაძლებელი, მაშინ მოსალოდნელია უკვე შეტევითი ოპერაციები როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან. ვინ დაასწრებს, ვინ როგორ იმოქმედებს, ეს მალე გამოჩნდება.
- ომის მიმდინარეობაზე რას იტყვით, რა მნიშვნელობა აქვს სოლედარის აღებას რუსებისთვის, რომელსაც ექსპერტები დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად არ აღიქვამენ?
- მართალია, უკრაინის ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად არ უღიარებია, თუმცა, ფაქტობრივად, სოლედარს უკვე რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ეს იმითაა ცუდი, რომ სოლედარი მდებარეობს ბახმუტის ჩრდილოეთ მხარეს და ოკუპანტები შეეცდებიან გადაჭრან ის ძირითადი გზა, რაც ბახმუტს კრამატორსკ-იზიუმთან აკავშირებს. განაგრძეთ კითხვა