რატომ არ ამუშავდა ამ დრომდე ამერიკული ლენდ-ლიზი უკრაინისთვის?
"ლენდ-ლიზის შესახებ კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, ისევე, როგორც 77 წლის წინ", - საჯაროდ ასე გადაუხადა მადლობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს გასული წლის 9 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გამო, თუმცა ამ დღიდან ექვს თვეზე მეტი დრო გავიდა, კანონი კი ამ დრომდე არ ამოქმედებულა.
დოკუმენტი სახელწოდებით "სესხი-იჯარის აქტი 2022 წელს უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად“ აშშ-ს კონგრესს ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2022 წლის იანვარში წარედგინა.
ამავე წლის 3 მაისს ის აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხმათა უმრავლესობით (417 მომხრე, 10 წინააღმდეგ) დამტკიცდა, მანამდე კი კანონპროექტი სენატმა განიხილა.
პუტინის რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 21 დეკემბერს, ზელენსკიმ პირველად დატოვა უკრაინა და აშშ-ში სპეციალური ვიზიტით გაემგზავრა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის ხელმძღვანელს საჯაროდ არ დაუყენებია ლენდ-ლიზის საკითხი.
ვარაუდობდნენ, რომ ეს კანონი იმუშავებდა ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც შეერთებული შტატები განუწყვეტლივ ეხმარებოდა თავის მოკავშირეებს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირს, იარაღს, სამხედრო აღჭურვილობას და საკვებს წინასწარი გადახდის გარეშე.
რა არის ლენდ-ლიზი?
პროგრამა 1941 წელს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის დროს "დაიბადა“ და ეს იყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები მე-2 მსოფლიო ომის დროს ამარაგებდა მოკავშირეებს (გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვ.) დიდი რაოდენობით შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების გამარჯვებაში.