რას ჰყვება ჰარი ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც მისი და მეგანის სამეფოდან წასვლა გადაწყდა
Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში, რომელიც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, წყვილმა გაიხსენა ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც 2020 წლის იანვარში გაიმართა და მათი მომავალი გადაწყვიტა.
შეხვედრაზე განიხილეს ჰარისა და მეგანის სამეფო ოჯახიდან წასვლის საკითხი. ეს ამბავი ბრიტანეთიდან "გაქცეულთათვის" უსიამოვნო მოგონებად რჩება.
ჰარი ფილმში ყვება, რომ მან პირად მდივნებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც შეხვედრას და სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან თავის დახსნის თემაზე საუბარს ითხოვდა, მაგრამ მისი მოთხოვნა უარყვეს.
პრინცი მხოლოდ მას შემდეგ მიიწვიეს სასაუბროდ, რაც მეგანი კანადაში დაბრუნდა. ამის გამო წყენა მეგან მარკლს დღემდე გამოჰყვა: "წარმოიდგინეთ საუბარი მრგვალ მაგიდასთან, სადაც თქვენი მომავალი წყდება და ამდენი რამაა საფრთხის ქვეშ. და თქვენ, როგორც დედა, ცოლი არ ხართ იქ მიწვეული", - ამბობს მეგანი.
ჰარიმ გაიხსენა 90-წუთიანი დისკუსია, რომელიც ძმასთან, პრინც უილიამთან, მამასთან და ბებიასთან ჰქონდა.