მესი, თანაგუნდელებთან ერთად, კატარში სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავდა - რატომ თქვა უარი არგენტინის ნაკრებმა 5-ვარსკვლავიან სასტუმროზე
20 ნოემბერს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. 2022 წლის მუნდიალს კატარი მასპინძლობს, სადაც უკვე ჩავიდნენ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები. 17 ნოემბერს, დილით, კატარში ჩავიდა არგენტინის ეროვნული ნაკრები.
საინტერესოა, რომ ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებაზე უარი თქვეს და ისინი კატარის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავდნენ. როგორც Daily Mail-ი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ეს შენობა იდეალურია ტრადიციული არგენტინული კერძის, "ასადოს" მოსამზადებლად.
სამხრეთ ამერიკელ სპორტსმენთა ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში, ამის მიღწევა კი ტრადიციული არგენტინული კერძის მირთმევით ყოფილა შესაძლებელი.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოაწყვეს სპეციალური ადგილი ბარბექიუსთვის, სადაც ფეხბურთელები შეიკრიბებიან და არგენტინული წესით მომზადებულ კერძს მიირთმევენ. როგორც "დეილი მეილი" წერს, ტრადიციული არგენტინული "ასადოს" მოსამზადებლად საუკეთესო არგენტინული ხორცი კატარში არგენტინიდან წაიღეს და ასევე თან წაიყვანეს "ასადოს" მასტერიც, საუკეთესო შეფ-მზარეული.
"რამდენჯერმე ვესტუმრეთ კამპუსს და ავირჩიეთ ის, რადგან მხოლოდ აქ არის საჭირო პირობები (ასადოს მოსამზადებლად) და ასევე გარე სივრცე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კერძი ჩვენი კულტურის ნაწილია. ჩგვსურს, რომ ფეხბურთელებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც სახლში და უფრო მეტად კონცენტრირდნენ ფეხბურთზე". - ამბობს "დეილი მეილთან" წყარო, რომელიც გამოცემის ცნობით, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელია.
კატარის უნივერსიტეტის კამპუსი შედგება 90 ოთახისგან. აქვს სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე ინვენტარითაა აღჭურვილი, ასევე იქ არის ოლიმპიური ზომის საცურაო აუზი, საფეხბურთო მოედანი. უნივერსიტეტი მდებარეობს დოჰას გარეუბანში და რეგიონის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა, რომელიც 1973 წელს დაარსდა.
არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.