"რუსული ჯარი სულაც არ ყოფილა ისეთი უძლეველი, როგორიც ყველას ეგონა" - რას ფიქრობენ ჩვენში უკრაინის თავდადებასა და შეცვლილ მსოფლიოზე
უკრაინელებმა მსოფლიო კიდევ ერთხელ მონუსხეს და გააოცეს: მათმა კონტრშეტევამ უამრავ ადამიანს შეუცვალა შეხედულება "უძლეველ" რუსულ არმიაზე. ე.წ. რუსეთუმეებიც კი მოლბნენ და სხვაგვარად აჭიკჭიკდნენ... რამ გამოიწვია მათი უჩვეულო სახეცვლილება? - ვკითხეთ ჩვენს რესპონდენტებს:
ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი:
- შიში - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, ჩვენი თანამემამულეების ერთი ნაწილი რუსეთის უპირატესობას აღიარებდა და დღესაც აღიარებს, მაგრამ ჩვენს შორის არის ხალხი, რომელსაც პრორუსული განწყობა აქვს და რუსეთთან უფრო მეტ საერთოს ხედავს, ვიდრე - დასავლეთთან. ეს ხალხი, მიიჩნევს, რომ ჩვენი ხსნა რუსეთშია და არა მგონია, აზრი ასე ადვილად შეიცვალოს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი მცირეა და რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ამ ომში უკრაინა, მისი ქომაგების რიცხვი უფრო მეტად გაიზრდება. უკრაინელების სიმამაცემ მთელი მსოფლიო გააკვირვა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ომში, გადამწყვეტი როლი მაინც უკრაინის რუსულენოვანმა მოსახლეობამ შეასრულა, რომელმაც პუტინის რუსეთის აგრესიას მხარი არ დაუჭირა. მათმა უმრავლესობამ უკრაინას უერთგულა და ეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია უკრაინის წარმატებისა. მცდარი აღმოჩნდა ვარაუდი, რომ ეთნიკური რუსები პუტინის ჯარს ყვავილებით და ოვაციებით შეხვდებოდნენ. ერთი რამ უტყუარია: უკრაინელები, თავიანთ პრეზიდენტთან ერთად, მზად არიან სამშობლოს დასაცავად და ამ თავგანწირვის გამო, უამრავი მომხრე და გულშემატკივარი გაიჩინეს. ამით აიხსნება სამხედრო დახმარება, რომელიც ამ ქვეყანას დასავლეთმა გაუწია. შედეგად, რა მივიღეთ? - მთელმა მსოფლიომ აღმოაჩინა, რომ რუსული ჯარი სულაც არ ყოფილა ისეთი უძლეველი, როგორიც ყველას ეგონა.
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი:
- პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ უკრაინის მიმართ დამოკიდებულება ბოლო ხანებში ბევრმა შეიცვალა, პირიქით, თუ ადამიანი სწორ აზრზე დგება, ეს მისასალმებელი ამბავია. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მე ყველგან ვამბობდი, რომ ეს არის ვანდალიზმი, რომ ეს სირცხვილი და ბოროტებაა! რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის ამას, მით უკეთესი, რადგან არ შეიძლება აგრესია და ძალადობა გაამართლო. შეუძლებელია, არ აღიარო, რომ უკრაინელები მებრძოლი და თავდადებული ხალხია. ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც უკრაინელმა დედამ დაღუპულ შვილზე თქვა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი სამშობლოს თავისუფლებას შეეწირაო... ბევრი ისეთი კადრი ვნახეთ, რომელსაც გულგრილად ვერავინ უყურებდა! ცხადია, როცა ერი ასე ერთიანდება და თავისუფლებისთვის იბრძვის, საყოველთაო პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებს. მე უკრაინელებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ალბათ, რუსეთიც იძულებული გახდება, თავის დამპყრობლურ პოლიტიკას გადახედოს. ხომ არ შეიძლება, პუტინს სადაც მოუნდება, ბომბი იქ ჩააგდოს და ვინც არ მოეწონება, ყველა დაიჭიროს?! ქუჩაში პატარა ბავშვი რომ გამოვიდა და თქვა, ომი არ გვინდაო, მაშინვე დააკავეს, მაგრამ როცა პუტინის მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა, 50 ათასი კაციდან არავინ დაუჭერიათ. არავინ უარყოფს, რომ რუს ხალხს დიდი კულტურა აქვს შექმნილი, რომ ეს ტოლსტოის და დოსტოევსკის ერია, მაგრამ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას რუსების უმეტესობა ვერ ბედავს. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რა თავდადებით იბრძვიან უკრაინელები, რომ მთელი მსოფლიო მათ გვერდით დადგა. 24 თებერვლისგან განსხვავებით, დღეს უკვე ბევრს სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და "მსოფლიოს მეორე არმია" დამარცხდება.