„მან ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და საუკუნეზე“ - როგორ ეხმაურება მსოფლიო ელისაბედ მეორის გარდაცვალებას? | Allnews.Ge

„მან ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და საუკუნეზე“ - როგორ ეხმაურება მსოფლიო ელისაბედ მეორის გარდაცვალებას?

მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმიანებიან და მწუხარებას გამოთქვამენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II ბრიტანელი ერის უწყვეტობას და ერთიანობას 70 წლის განმავლობაში განასახიერებდა.

„ვიხსენებ მას, როგორც საფრანგეთის მეგობარს, გულკეთილ დედოფალს, რომელმაც ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვა თავის ქვეყანასა და საუკუნეზე“, - აღნიშნა მაკრონმა.

პარიზის მერმა, ანა იდალგომ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ პარიზის სიმბოლოს, ეიფელის კოშკის განათება ამაღამ დედოფალ ელისაბედ II-ის პატივსაცემად ჩაქრება.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით კი, "ჩვენი გული და ჩვენი ფიქრები" სამეფო ოჯახისა და ბრიტანელი ხალხისკენაა მიმართული.

კანადის პრემიერ - მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ დედოფლის კანადელებისადმი მსახურება სამუდამოდ დარჩება მისი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად. „მძიმე გულით შევიტყვეთ კანადის ყველაზე დიდი ხნის მმართველის, მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ“, - აღნიშნა ტრიუდომ.

დედოფლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის მწუხარე ოჯახს, დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ხალხს და ერთა თანამეგობრობას“, - ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.

იტალიის პრემიერ - მინისტრის მარიო დრაგის თქმით კი, დედოფალი ელისაბედი იყო მსოფლიო ისტორიის აბსოლუტური გმირი ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ ელისაბედ II იყო მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო მილიონობით ადამიანისთვის, მათ შორის გერმანიაში.

myquiz