"შესაძლოა, დაიწყოს კამპანია - "რამზან, არ წახვიდე!" - რას ემსახურება კადიროვის მინიშნება გადადგომის შესახებ?
"15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას, უკვე მოხუცი ვარ და მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, ვეცდები დროულად წავიდე", - ამ სიტყვებით ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიანიშნა, თუმცა სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ის პენსიაზე გასვლას აპირებს.
კადიროვის ფრაზას, რომ "თანამდებობაზე ყოფნა ძალიან დიდხანს მოუწია, უვადო და ხანგრძლივი შვებულება დაიმსახურა და იმედი აქვს, რომ მხარს დაუჭერენ და გაუგებენ", - უკვე ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებული ცნობები, რომლებიც მის შესაძლო სამომავლო საქმიანობას უკავშირდება.
kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის ადმინისტრაციიდან გამოსული კულუარული ინფორმაციის თანახმად, კადიროვის კანდიდატურა "Росгвардии-ს" ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება. იგივე მოსაზრების შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა Медуза.
"სინამდვილეში, კადიროვი არსად წასვლას არ აპირებს, უბრალოდ, ასეთი განცხადებებით ცდილობს ფედერალურ ხელმძღვანელობაზე ზეწოლა მოახდინოს", - ამბობს გამოცემასთან საუბარში "Чечня инсайд-ის" ბლოგერი.
მისივე ცნობით, რამზან კადიროვი 2021 წელს გუბერნატორების რეიტინგში ლიდერობდა. იმავე წლის სექტემბერში, ის ჩეჩნეთის მეთაურად კიდევ ხუთი წლით აირჩიეს, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, კადიროვმა ხმათა საერთო რაოდენობის 99,7% მიიღო, რითაც მან თავისივე, 2016 წლის "რეკორდი" მოხსნა, 2016 წელს მან ხმების 97% აიღო.
მაშინ ამის შესახებ ადგილობრივები ბევრს წერდნენ, ოღონდ ძალიან ფრთხილობდნენ, რადგან კადიროვის მიდგომა განსხვავებული აზრის მიმართ თითქმის ყოველთვის ცუდად სრულდება - უკეთეს შემთხვევაში, კრიტიკული აზრის ავტორი, საბოდიშო ვიდეომიმართვას წერს და ამბობს, რომ შეცდა, ნასვამი იყო, ან ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა, უარეს შემთხვევაში კი, კრიტიკული აზრის ავტორი გროზნოში, ე.წ. კადიროვის სარდაფში შეჰყავთ, საიდანაც მისი კვალი ქრება.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად 2007 წლის 15 თებერვალს დანიშნეს, იმავე წლის მარტში კი, უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. 2011 წელს, ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატებმა ის კიდევ ხუთი წლით დაამტკიცეს რესპუბლიკის ლიდერად.7 აპრილს რუსეთის ნაციონალური გვარდიის ჩრდილო-კავკასიის ოლქის გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი ზახაროვმა კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. მაშინ კადიროვმა განაცხადა, რომ ეს წოდება მას "უფრო მეტის გაკეთების პასუხისმგებლობას ანიჭებს."