უკრაინა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - ქვეყანა ომის 6 თვის თავზე
უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინელებს მოუწოდა დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომშია, უკრაინამ არ უღალატა ტრადიციას და ერთი დღით ადრე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
"უკრაინის სახელმწიფო დროშა სამუდამოდ დაბრუნდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა კიევის ცენტრში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე. რუსეთისგან ახალი პროვოკაციებისა და სარაკეტო დარტყმების გაზრდილ საფრთხეზე ზელენსკიმაც ისაუბრა თავის სპეციალურ მიმართვაში და უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილ ღირებულებებს იცავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც 24 თებერვლიდან მოყოლებული, ბრძოლის გზა აირჩია იმისთვის, რაც ცხოვრებას რეალურს ხდის: თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის...
არცერთი დამპყრობელი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს ჩვენს მიწაზე. ყველა კოლაბორაციონისტმა იცის, რომ მათ მომავალი არ აქვთ. და ჩვენ ყველას მხოლოდ კი არ გვჯერა - ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის ეროვნული დღესასწაული, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება მას მერე, რაც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა.