ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს - "მათ სურთ, რომ ერთმანეთი მოენატროთ"
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ქორწინების ამბავი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავური თემაა. წყვილმა ქორწინების შემდეგ თაფლობის თვე პარიზში გაატარა, თუმცა ახლა, როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, გადაწყვიტეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ ერთად.
მათ სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივაში გამოადგებათ. Hollywood Life-ის ცნობით, მსახიობებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპაში გატარებული ბედნიერი კვირების შემდეგ, ცალ-ცალკე ცხოვრება აირჩიეს. ამის მიზეზი და მიზანი კი, რაც უნდა უჩვეულო იყოს, ისაა, რომ ასე მათი კავშირი უფრო გაძლიერდეს, რომ უფრო მეტად მოენატროთ ერთმანეთი.
წყვილის თაფლობის თვის ამსახველი ფოტოები პარიზიდან
წყვილი ფიქრობს, რომ მათ შორის არსებული მაგია არ დაიკარგება. აპირებენ გააგრძელონ ცხოვრება ჩვეულებრივ, დაკავდნენ საყვარელი საქმით, კონცენტრირდნენ კარიერაზე.
"ჯენი და ბენი ერთმანეთს ყოველთვის ესაუბრებიან, მესიჯებს სწერენ და დაშორება კიდევ უფრო აუმჯობესებს კავშირს მათ შორის. ჯეილოს მოსწონს იმის ცოდნა, რომ მისი ქმარი მის გვერდით გაჩნდება, როცა კი დასჭირდება“, - ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი სამი კვირის წინ, საზოგადოებისგან და მედიისგან ფარულად დაქორწინდა. ქორწილის მოკრძალებული ცერემონია ლას ვეგასში გაიმართა და მას მხოლოდ ვარსკვლავების რამდენიმე უახლოესი ადამიანი ესწრებოდა. "ბენიფერის" სასიყვარულო ურთიერთობა წლების წინ დაიწყო.
თუმცა მაშინ მათი სიყვარულის ამბავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ბენი და ჯენიფერი 2002 წლიდან 2004 წლამდე დანიშნულები იყვნენ, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მისულა და მათი გზები გაიყო. დაშორებიდან 17 წლის შემდეგ კი შერიგდნენ და დაქორწინდნენ.