ჩინეთის არმიამ ტაივანთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.
გასული დღის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის გემები და თვითმფრინავები გააფრთხილა, არ დაარღვიონ იმ რაიონების სივრცე, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. ტაივანის ხელისუფლების განცხადებით, ოფიციალურ პეკინს კუნძულის საზღვაო და საჰაერო ბლოკადა მათზე ზეწოლის მიზნით სურთ.
ცნობისთვის, ნენსი პელოსი ტაივანში ოფიციალური ვიზიტით 2 აგვისტოს ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.