ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერანაირი რუსული რაკეტა, ვერანაირი დარტყმა ვერ შეძლებს უკრაინელების სულის გატეხვას | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერანაირი რუსული რაკეტა, ვერანაირი დარტყმა ვერ შეძლებს უკრაინელების სულის გატეხვას

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტრის მიერ დღეს განხორცილებული მასიური თავდასხმები საჩვენებლად იყო მოწყობილი, თუმცა ვერ გატეხს უკრაინელების სულს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ოკუპანტებმა ათეულობით რაკეტა გაუშვეს უკრაინის ტერიტორიისკენ.

„ყველა რაკეტა გაშვებული იყო ერთადერთი მიზნით - ეჩვენებინათ თითქოს რუსეთს შეუძლია რამის მიღწევა, თითქოს რუსეთის ჯარი რამეს შეძლებს. დღეს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე თვე. ოკუპანტები აპირებდნენ მეხუთე დღეს დაეპყროთ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, და იძულებულები არიან მეხუთე თვეს მოაწყონ ასეთი სარაკეტო „ჩვენება“, რომელიც სტრატეგიულად რუსეთისთვის არაფერს არ ცვლის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განმარტებით, ახლა ომის მორალურად და ემოციურად რთული ეტაპია.

„როდესაც ვიცით, რომ მტერს მაინც არაფერი გამოუვა, გვესმის, რომ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ ვერ ვგრძნობთ დროით საზღვრებს, ვერ ვგრძნობთ კიდევ რამდენი დარტყმა, დანაკარგი და ძალისხმევა იქნება, იქამდე სანამ დავინახავთ, რომ გამარჯვება უკვე ჩვენს ჰორიზონტზეა. ვერანაირი რუსული რაკეტა, ვერანაირი დარტყმა ვერ შეძლებს უკრაინელების სულის გატეხვას“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

myquiz