"ეს არის "ომი გამოფიტვამდე, ყველაზე დიდი კოშმარიც სწორედ ეს არის" - როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი? | Allnews.Ge

"ეს არის "ომი გამოფიტვამდე, ყველაზე დიდი კოშმარიც სწორედ ეს არის" - როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი?

ძლიერი ჩანდა რუსეთი ამ წლის დასაწყისში, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, ახლა კი ეს ყველაფერი, სულ ცოტა, იმით მორჩება, რომ ნატოში შვედეთი და ფინეთიც კი შევლენ", - ამ შინაარსის პოსტი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ანალიტიკოსმა თორნიკე შარაშენიძემ გამოაქვეყნა. რა შეცდომები დაუშვა მოსკოვმა 1970 წელს და რა შეცდომებს უშვებს დღეს, როგორი იქნება ამ შეცდომების ფასი და შეძლებს თუ არა მსოფლიოში გლობალური მოთამაშის პოზიციის შენარჩუნებას? - ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძე უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირი ძალიან ძლიერი ჩანდა. ამერიკამ სირცხვილი ჭამა ვიეტნამში, არაბულმა ემბარგომ კი ნავთობი გააძვირა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირი გაამდიდრა. მაგრამ ამის შემდეგ მოსკოვმა ორი მძიმე შეცდომა დაუშვა. პირველი იყო საბჭოთა კავშირის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტების, წარმოშობით ქართველი ინჟინრის - ნადირაძის მიერ შექმნილი "პიონერების" განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში. ამას პასუხად მოჰყვა ამერიკის მიერ ევროპაში "პერშინგების" განთავსება, რომლებიც უშუალოდ საბჭოთა ტერიტორიას იყო დამიზნებული. "პერშინგები" ამერიკის ბევრ მოკავშირესაც არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ "პიონერების" შემდეგ უარი ვერ თქვეს. მეორე შეცდომა კი იყო ავღანეთში ჯარების შეყვანა. ჰოდა, ასევე, ძალიან ძლიერი ჩანდა რუსეთი ამ წლის დასაწყისშიც. ახლა კი ეს ყველაფერი, სულ ცოტა, იმით მორჩება, რომ ნატოში შვედეთი და ფინეთიც კი შევლენ.

- თქვენი შეხედულებით, როგორი იყო რუსეთის პოზიციები უკრაინაში ომის დაწყებამდე და როგორია მისი პოზიციები დღეს?

- რუსეთი განიხილებოდა ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ, სამ ლიდერ სახელმწიფოსთან ერთად. მიიჩნეოდა, რომ რუსეთს, ამერიკისა და ჩინეთის მსგავსად, ჰქონდა დიდი ბერკეტები და, შესაბამისად, გავლენებიც. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ უკრაინაში დაძაბული მოცემულობის შექმნისთანავე მთელი მსოფლიო ჩაერთო პროცესში. ყველას ეშინოდა რუსეთის და ცდილობდნენ, რომ პრობლემა მშვიდობიანად მოეგვარებინათ. როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, მაგრამ ეს ძალა ისეთი ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა, ყველა, მათ შორის - ამერიკული დაზვერვაც ვარაუდობდა, რომ მოსკოვის გავლენა დანარჩენ მსოფლიოში შეირყა.

- კონკრეტულად რა გამოააშკარავა რუსეთ-უკრაინის ომმა, რა კუთხით დაგვანახა რუსეთი და რა იყო რუსეთის მთავარი შეცდომა ამ ომში?

- პირველ რიგში, გამოაშკარავდა ის, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერი ყოფილა, როგორადაც თავს აჩვენებდა მსოფლიოს. ომის წამოწყება ყოველთვის საფრთხილოა იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიძლება მანამდე არსებული გავლენები და პოზიციებიც დაკარგო. უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი უპირობოდ იყო მიჩნეული, რიგუთ მეორე სამხედრო ძალად მსოფლიოში. ახლა უკვე ასე ძალიან ცოტა ფიქრობს. ომამდე ფინეთის ნატოში გაწევრება, უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ იყო. ფინეთს ეშინოდა და, შესაბამისად, ანგარიშსაც უწევდა რუსეთს. დღეს ფინელებმა შიშის ზღავრი გადალახეს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz