დავიწყებული ეკოლოგია: როგორ აისახება კლიმატზე რუსეთ-უკრაინის ომი
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კლიმატური ცვლილებებისა და ეკოლოგიის პრობლემებმა, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ისედაც საკმაოდ მწვავედ იდგა, როგორც ჩანს, მეორე პლანზე გადაინაცვლა. თუმცა, მიმდინარე მოვლენების გამო, პროცესები, რომლის გამოც კლიმატური სამიტები იმართებოდა, როგორც ჩანს, დაჩქარდა. რა ელის გარემოს და რამდენად გრძელვადიანია ეს ყველაფერი.
შეიარაღებულ კონფლიქტებს ეკოლოგიისთვის დიდი ზიანი მოაქვთ - ფლორა და ფაუნა ნადგურდება ხანძრების, დაბინძურებული წყლისა და ტოქსიკური გაზის გამო.
ამ თემაზე ბევრი ფართომასშტაბიანი კვლევა არ არსებობს, თუმცა 2018 წელს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ შეიარაღებული კონფლიქტებია კავშირში აფრიკის დაცულ ტერიტორიებზე ველური ბუნების შემცირებასთან. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ცხოველთა პოპულაცია სტაბილური იყო მშვიდობის დროს და შემცირდა ომის დროს.
მავნე გამონაბოლქვი
საომარი მოქმედებების დროს ჯარისკაცები თხრიან ორმოებს, ბომბები ანადგურებენ ლანდშაფტს, აფეთქებები კი იწვევს ხანძარს. იარაღი ჰაერში ათავისუფლებს ტოქსიკურ გაზებს და ნაწილაკებს, ხოლო მძიმე ლითონები ნიადაგსა და წყალში გამოიყოფა. ეს ყველაფერი აზიანებს ეკოლოგიას და იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებას.
„გარემო არის კონფლიქტის ჩუმი მსხვერპლი“ , - განუცხადა The New York Times-ს არაკომერციული კონფლიქტისა და გარემოს ობსერვატორიის კვლევისა და პოლიტიკის დირექტორმა, დაგ უეირმა.
უკრაინის ტერიტორია სავსეა ქიმიური ქარხნებითა და საწყობებით, ნავთობის საცავებით, ქვანახშირის მაღაროებით, გაზსადენებით და სხვა სამრეწველო ობიექტებით, რომლებსაც შეუძლიათ დიდი რაოდენობით დამაბინძურებლების გამოყოფა დაზიანების შემთხვევაში. ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა აზოვსტალის ქარხანა, უკვე გამოუშვეს ათასობით კუბური მეტრი გაზი და სხვა საშიში ნივთიერებები ჰაერში, - წერს New York Times.
უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე კრასნოლუცკი აცხადებს, რომ საომარმა მოქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურებთან შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი რადიოაქტიური დაბინძურება. უკრაინის ტერიტორიაზე ოთხ ელექტროსადგურზე 15 ატომური რეაქტორია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისთანავე გააფრთხილა, რომ საომარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული რეაქტორების მუშაობას. როდესაც მარტის დასაწყისში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა, არა მხოლოდ ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლები შეშფოთდნენ, არამედ ჯო ბაიდენმა დაურეკა ვლადიმერ ზელენსკის და სასწრაფო კონსულტაციები გამართა ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტებთან.