ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს განთავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან- სერგეი ლავროვი | Allnews.Ge

ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს განთავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან- სერგეი ლავროვი

რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალ „ცივ ომზე“, არამედ ვაშინგტონისა და მისი სატელიტების მუდმივ სურვილზე, რომლებიც თავს „კაცობრიობის ბედის არბიტრებად“ წარმოადგენენ, დააწესონ ამერიკაზე ორიენტირებული მსოფლიო წესრიგის მოდელი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლური უმცირესობა ცდილობს შეცვალოს გაერო-ზე ორიენტირებული არქიტექტურა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართალი საკუთარ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“. ამ წესებს თავად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები წერენ და შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობას სავალდებულოდ აკისრებენ,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთი „ყველაზე სასტიკი მეთოდებით“ ზეწოლას ახდენს მათზე, ვინც „დამოუკიდებელ კურსს ატარებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“.

„კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობები, შეაფერხოს ისტორიის ბუნებრივი მიმდინარეობა, გადაჭრას თავისი პრობლემები სხვის ხარჯზე, განწირულია. დღევანდელ სამყაროს აქვს გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ცენტრი, ის მრავალპოლარულია. ჩვენ ვხედავთ, როგორ დინამიურად ვითარდება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. ყველას აქვს არჩევანის რეალური თავისუფლება, მათ შორის განვითარების გზები და ინტეგრაციის პროექტებში მონაწილეობა. ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს განთავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან“,- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, „რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება“.