"ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა" - მარიუპოლელი ექიმის აღსარება
ანდრეი სერბინი 27 წლისაა, ის ლევობერეჟნის რაიონის მარიუპოლის N4 საავადმყოფოს ანესთეზიოლოგია. 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, თავის განყოფილებაში მივიდა და მხოლოდ 21 მარტს შეძლო საავადმყოფოს დატოვება... ომის პირველ კვირას, ვიდრე მარიუპოლის მარცხენა ნაპირი ჯერ კიდევ არ იყო ოკუპანტების მიერ ქალაქისგან იზოლირებული, მედპერსონალი ახერხებდა კლინიკაში მისვლას.
მარტის დასაწყისში კი საოპერაციოში მხოლოდ ორი ქირურგი, ორი ტრავმატოლოგი და ორი ანესთეზიოლოგი დარჩა. მათ შორის იყო ანდრეი. სწორედ მათ ჩაატარეს ოპერაცია, დაეხმარნენ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს.
ანდრეი:
- ექიმები სამყაროსგან იზოლირებულ საავადმყოფოში დავრჩით და ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. პირველი დაჭრილი ჩვენთან 25 თებერვალს მოვიდა. თებერვლის ბოლოდან შენობაში გათბობა არ იყო. 3 მარტს კი საავადმყოფოს ჩრდილოეთ ფასადზე მინები ჩაიმსხვრა. დენი აღარ იყო. ოთახში 4 გრადუსი იყო ტემპერატურა. ელექტროენერგია დიზელის გენერატორიდან გვქონდა, საწვავი ძალიან ცოტა იყო და ვზოგავდით. ვიდრე ბენზინგასამართი სადგურები ფუნქციონირებდა, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ პირველ დღეებში დიზელის საწვავი იყიდა, შემდეგ სამხედროებმა სამ-ოთხჯერ მოგვიტანეს.
მთელი საავადმყოფოსთვის ორი გამათბობელი გვქონდა, რომელიც საოპერაციო დარბაზებში დავდგით და მხოლოდ ოპერაციების დროს ვრთავდით.. სიცივის გამო ყველაფერი ჩავიცვით, რაც ვნახეთ, ზემოდან კი - კოვიდის სპეცტანსაცმელი (ომამდე აქ კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ).
საოპერაციო დარბაზებში დიდხანს ყოფნისას პერსონალი გაიყინა, სამედიცინო პერსონალი უკონტროლო მდგომარეობაში იყო. ქალებმა ვერ გაუძლეს, საბნები დაიფარეს და ასე ცდილობდნენ გათბობას.
2 მარტამდე, მაღაზიები ჯერ კიდევ ღია იყო, მაგრამ არავითარი კვების ღირებულება არ ჰქონდა ჩიფსებსა და ზეთისხილს, რის აღებასაც ვცდილობდით... პირველ დღეს ოთხი პური ვიყიდეთ. მარტის შუა რიცხვებამდე ვიმყოფინეთ, მერე აღარ გვქონდა.
საკვების შეზღუდულ მარაგს დაემატა საკვების მომზადების პრობლემა. ჩვენს განყოფილებაში მხოლოდ ორი გამაცხელებელი იყო და შესაბამისად, 20 ადამიანისთვის ულუფები მოკრძალებული იყო.
სამზარეულოსთვის წყალი ჭაბურღილიდან მოგვქონდა, რომლის ტუმბო მზის პანელებით იტენებოდა და საავადმყოფოდან რამდენიმე კილომეტრში იყო. ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ვავსებდით ჭურჭელს.