პუტინის რეჟიმს შეწირულები: მკვლელობებისა და უჩვეულო ვითარებაში გარდაცვალების საიდუმლოებით მოცული ამბები - კრემლის კრიტიკოსები, რომლებიც "მოიშორეს"
დღეს უკვე აღარავის ერიდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის შედარება. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბევრის აზრით, სისასტიკით პუტინმა შესაძლოა, ჰიტლერს გადააჭარბა კიდეც.
რუსეთში მარტივი არ არის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა. კრემლის პოლიტიკის მიმართ ხმამაღალი კრიტიკა მკაცრად ისჯება. პუტინი ბავშვებსაც არ ინდობს. უკრაინაში ბავშვების მიმართ გამოვლენილ სისასტიკეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კრემლი დაუნდობელია რუსი ბავშვების მიმართაც. მთელმა მსოფლიომ ნახა შემზარავი კადრები, როგორ დააკავეს რუსეთში ის ბავშვები, რომლებმაც უკრაინელთა მხარდასაჭერად მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს.
შიში, რომელიც რუსი ადამიანების დიდ ნაწილშია, სწორედ ამ სისატიკეზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც პუტინი წლებია ატარებს. უკვე არაერთი შემთხვევაა, როდესაც პუტინისა და კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსებს საეჭვო ვითარებაში აღმოაჩენენ ხოლმე გარდაცვლილს და ასეთი საქმეების უმეტესობა გაუხსნელი რჩება.
პუტინის რეჟიმის მსხვერპლთა სია ვრცელია, ჩვენ რამდენიმე მათგანი გავიხსენოთ
ბორის ნემცოვი - 2015 წელი
1990-იან წლებში ბორის ნემცოვი პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკის ვარსკვლავი იყო. მას ახალგაზრდა რეფორმატორს უწოდებდნენ. იყო ვიცე პრემიერ-მინისტრი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა შესაძლო მომავალ პრეზიდენტად. თუმცა ასე არ მოხდა - პრეზიდენტის პოსტზე 2000 წელს ბორის ელცინი ვლადიმერ პუტინმა ჩაანაცვლა.
ნემცოვმა თავდაპირველად საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ არჩევანს, თუმცა შემდეგ, თანდათან უფრო და უფრო კრიტიკული ხდებოდა, რადგანაც პუტინის ხელისუფლებამ უკიდურესად შეზღუდა ადამიანის უფლებები. 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნემცოვი ხელმძღვანელობდა რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებს და მანვე ფარდა ახადა კორუფციას სახელისუფლებო წრეებში.
ოპოზიციის აქციების დროს, რუსულმა პოლიციამ ის რამდენჯერმე დააკავა. 2015 წლის თებერვალში ნემცოვი შეუერთდა რუსი სამხედროების წინააღმდეგ გამართულ მარშს, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების შეჭრის გაპროტესტებისკენ იყო მიმართული.
ის 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში მოკლეს. თავდამსხმელმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურგსა და თავში ოთხჯერ ესროლა. პუტინმა განაცხადა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმის გამოძიება "პირად კონტროლზე“ აიყვანა. მოგვიანებით დააკავეს ჩეჩნური წარმოშობის ზაურ დადაევი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ 4 პირს თანამონაწილეობისთვის 11-დან 19-წლამდე აღუკვეთეს თავისუფლება. თუმცა რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ მკვლელობის უკან სწორედ პუტინი დგას.
ბორის ბერეზოვსკი - 2013 წელი
ითვლება, რომ ბორის ბერეზოვსკიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პუტინის გაპრეზიდენტებაში. თავიდან მისი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა, ბერეზოვსკის გავლენები არ იყო ისეთი, როგორიც ადრე და ისეთი, როგორსაც იმედოვნებდა.
პუტინთან დაპირისპირების შემდეგ, ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჩამოაგდებდა. ასევე, ის ადანაშაულებდა კრემლს ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში, რომელიც იყო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და რომელიც 2009 წელს მოწამლეს.