აფეთქებები დნესტრისპირეთში: რა ხდება მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში და რის მიღწევა სურს რუსეთს?
მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ ითხოვს სასწრაფოდ შეიკრიბოს უშიშროების უმაღლესი საბჭო. ამის მიზეზი კი გახდა დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ის 2 აფეთქება, რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რადიო ანძები დაზიანდა. ქვეყნის ე.წ. უშიშროების უმაღლესი საბჭოს შეკრების შემდეგ, პრეზიდენტი სანდუ ბრიფინგის ჩატარებასაც გეგმავს.
მაია სანდუ
ბოლო ორი დღეა, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს სხვადასხვა ობიექტზე "დაუდგენელი პირების" თავდასხმების და აფეთქებების შესახებ. დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ კი, ამავდროულად, თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში ტერორისტული საფრთხის წითელი დონის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. არსებული ცნობით, უშიშროების საბჭოს სხდომა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ ჩაატარა, მთავარი საკითხი იყო - "ტერორისტული თავდასხმები რესპუბლიკის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინფორმი“ ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვის მთავრობას აშფოთებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და რომელსაც მოსკოვი უმაგრებს ზურგს.. უკრაინასაც, თავის მხრივ აშფოთებს ის, რომ დნესტრისპირეთი რუსეთმა შესაძლოა, ახალი შეტევების განსახორციელებლად გამოიყენოს.