"1-2 კვირაში გადაწყდება, ვინ რას იზამს. უკრაინამ თუ გაუძლო და მოწინააღმდეგეს იქეთ დაარტყა, რუსებს მე-3 ფაზისთვის არაქათი აღარ ექნებათ" - როგორია ფრონტის მიმდინარეობა და ძალთა ბალანსი?
9 აპრილს, გამთენიისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. "დღეს უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ძალებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა კონცენტრირებულია ამ შეტევისთვის. რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ იქ, ჩვენ თავს დავიცავთ და ვიბრძოლებთ. ამას ყოველ დღე გავაკეთებთ. არაფერს უკრაინულს არ დავთმობთ, სხვისი კი უბრალოდ არ გვჭირდება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ყველა ჩვენი გმირი ქალაქის დონბასში, მადლობელი ვარ მარიუპოლისა და ხარკოვის ოლქის ქალაქების, რომლებიც დგანან, რომლებიც იცავენ მთელი უკრაინის ბედს და დამპყრობელთა ძალებს აკავებენ “, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ომის მე-2 ფაზის წინ, რუსეთმა თავისი სამხედრო ძალები მნიშნელოვნად გადააჯგუფა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვლა სამხედრო ხელმძღვანელობაც.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარ რედაქტორთან ირაკლი ალადაშვილთან ომის მეორე ფაზაზე ინტერვიუს, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის პერსპექტივაზე საუბრით ვიწყებთ.
- 17-18 აპრილს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებების მეორე ფაზა. როდესაც რუსეთს 24 თებერვალს დაწყებული ბლიც კრიგი არ გამოუვიდა, მიხვდა, რომ ერთდროულად 6-7 მიმართულებით შეტევისთვის არ ჰყოფნიდა ძალები, ამიტომაც დიდი დანაკარგების შემდეგ, კიევიდან, ჩერნიგოვიდან და სუმიდან გამოიყვანა ჯარები, გადააჯგუფა და 17-18 აპრილს ხელახალი შეტევა დაიწყო სამი ძირითადი მიმართულებით - ჩრდილოეთიდან ხარკოვზე, აღმოსავლეთიდან - დონბასიდან უკრაინის სიღრმისკენ და სამხრეთიდან ზაპოროჟიესკენ. პლუს ამას, რუსეთი ხერსონიდანაც ცდილობს შეტევას ოდესისკენ. რაც შეეხება მარიუპოლს, დიდი ხანია ალყაშია და საოცრებაა, რომ მისმა დამცველებმა აქამდე გაძლეს. ისეთი პირი უჩანს, დღე-დღეზე, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდება.
მისი დამცველები არ ჩაბარდნენ ტყვედ, მათ იციან, რომ არ აიყვანენ და დახვრეტენ, ამიტომ იბრძვიან და იბრძოლებენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. მარიუპოლი უკვე დიდი ხანია არანაირ სტრატეგიულ ობიექტს აღარ წარმოადგენს, განადგურებულია. მარიუპოლის მნიშვნელობა, იდეა იყო იმაში, რომ მას უნდა შეეჩერებინა აღმოსავლეთიდან, დონბასიდან შემოტევა, რათა აზოვის სანაპირო გადაერჩინა. იმის გამო, რომ მოწინააღმდეგემ მოახერხა სამხრეთის მიმართულებიდან, ანუ მანამდე ანექსირებული ყირიმიდან შემოსვლა და სამ მხარეზე გაშლა, მარიუპოლს მიადგნენ არა აღმოსავლეთიდან (უკრაინელები ელოდნენ, რომ აღმოსავლეთიდან უნდა შეეკავებინათ მტერი), არამედ დასავლეთიდან. მარიუპოლი კიდევ დიდხანს იდგებოდა და იბრძოლებდა, მტერი ზურგიდან რომ არ მიდგომოდა. რუსებმა მარიუპოლის გვერდის ავლით, სახმელეთო დერეფანი ისედაც გაჭრეს - აზოვის ზღვის გასწვრივ, ყირიმამდე. ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს, რა თქმა უნდა, პუტინი არ დათანხმდება არაფერზე, თუნდაც მედვედჩუკის გაცვლაზე და სხვა პირობებზე იმიტომ, რომ მას 9 მაისს უნდა, წითელ მოედანზე "გამარჯვება“ იზეიმოს და განაცხადოს, უკრაინის ერთი დიდი ქალაქი მაინც ავიღეთო.