რას ამბობენ რუსეთში პუტინის ჩავარდნილ გეგმებსა და შოიგუს პოლიტიკურ ამბიციებზე?
პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი სამხედრო ექსპერტები და პოლიტოლოგები მსჯელობენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, მისი მოსალოდნელი განვითარების სცენარებსა და შედეგებზე.
ნაწილის თქმით, ანტიპუტინისტურად განწყობილ მოსახლეობაში, რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებს მწვავედ აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში რუსეთის ფედერაციის მიმართ ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შესაცვლელად გამოსავალი ერთია - პოლიტიკური ცვლილება.
თუმცა, სხვების თქმით, ეს არ არის მთავარი გამარჯვებისთვის - იმარჯვებს ის, ვინც სამართლიანად იბრძვის, ეს არის უკრაინა, რუსეთის არმია კი, სხვის ტერიტორიასა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.
ივან პრეობრაჟენსკი, რუსი პოლიტოლოგი გამოცემა nv.ua-სთან ამბობს, რომ პირველი ეტაპი იყო ომამდე არსებული ვითარება, მეორე ფაზა კი დაიწყო მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ვლადიმირ პუტინი რუსეთის შიგნით ეროვნულ მოღალატეებზე ალაპარაკდა, რადგან სწორედ მაშინ გაიგო, რა ხდება ფრონტზე და დე-ფაქტოდ აღიარა, რომ კრემლში შედგენილი ომის თავდაპირველი გეგმა ჩავარდა.
"ასეთი გამოთქმებით, მან უკვე დე-ფაქტოდ აღიარა რუსეთის დამარცხება, რასაც მოჰყვა აქამდე წარმოუდგენელი დაკავებები და რეპრესიები მაღალი რანგის პოლიტიკურ ელიტასა და გენერალიტეტში. მესამე ეტაპი დაიწყო 12 აპრილს, როდესაც პუტინმა ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან რუსეთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ ის სამხედრო მოქმედებების საქმის კურსშია და ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებს. ის ცდილობს ამოძირკვოს ნეონაციზმის ფესვები, რაც მისი მტკიცებით, დასავლეთ უკრაინაში წარმოიშვა...
ახლა მისთვის მნიშვნელოვანია, სადმე იპოვოს ომის დროებითი საზღვარი, სადაც ასევე დროებით გამოაცხადებს გამარჯვებას, იქამდე, ვიდრე რუსეთი ძალებს ხელახლა მოიკრებს... აშკარაა, რომ მას უკვე არ შესწევს უნარი, ძალა და რესურსი თვეების განმავლობაში გაწელოს სამხედრო კონფლიქტი. პუტინს უკვე აქვს რეალური ინფორმაცია თავის არმიაში არსებულ სიტუაციაზე, ასევე - ფრონტზე. ერთი-ორი გაბრძოლების ძალა აქვს, ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება სჭირდება, რათა იქიდან აწარმოოს მოლაპარაკებები.