"ახალი შანსი და მორყეული რუსეთისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობა..." - ბრიუსელის შეხვედრის დეტალები
7 აპრილს, შარლ მიშელის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები "სამშვიდობო შეთანხმების" შემუშავებაზე შეთანხმდნენ. მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მიღწეული პროგრესი უწოდა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრას.
არსებული ინფორმაციით, ფაშინიანმა და ალიევმა ვალდებულება აიღეს, ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭირო ყოვლისმომცველი შეთანხმებისკენ ქმედითი ნაბიჯები ძალიან სწრაფად გადადგან. ოღონდ უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე დაიწყება მსჯელობა და შევა შეთანხმებაში.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევის გუნდი აპირებდა შეთანხმებისთვის წარედგინა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, თუმცა ამ ვერსიას, სომხეთში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს "2020 წლის ყარაბაღის ომში მიღებული შედეგის საბოლოო გაფორმება და ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად" მიიჩნია.
თავად სომხური მხარე, ბრიუსელის შეხვედრამდე აცხადებდა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ინიციატივითა და შუამავლობით დაგეგმილ შეხვედრაზე, ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხს დააყენებდა, თუმცა ოფიციალური ცნობით, ეს საკითხი ბრიუსელში არც კი განუხილავთ.
ხელშეკრულების გაფორმების გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ორმხრივ კომისიას შექმნიან, რომელიც ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციაზე იმუშავებს, რაც ძალზე საინტერესოა. უცნობია, იქნება თუ არა ამ პროცესში ჩართული რუსული მხარე, რომელიც მხარეებს შორის ერთ-ერთ მთავარ მომრიგებელ როლს თამაშობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი პოზიციონირებით ორივე მხარე უკმაყოფილო იყო.
აზერბაიჯანელი ექსპერტების მოსაზრებით, ერთხელ და სამუდამოდ საზღვრის დელიმიტაცია სამხედრო შეტაკებების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. საზღვრის დაზუსტება კი, სატრანსპორტო კომუნიკაციის განბლოკვის შესაძლებლობებს იძლევა.
სომხეთში მიიჩნევენ, რომ ომში წაგებული ქვეყნის კვალობაზე სომხეთს კიდევ უფრო მეტი დაფიქრება და წინდახედულება მართებს, რადგან აზერბაიჯანის უკან დიდი და ძლიერი თურქეთი დგას, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა. მას ყველა უწევს ანგარიშს და დასაკარგი არაფერი აქვს.
სომხეთი კი, ფაქტობრივად, მარტოა, თუ არ ჩავთვლით, რუსეთის ოფიციალურ განცხადებებს, რომელიც სინამდვილეში საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამის დასტური იყო მისი პოზიცია 2020 წელს, ყარაბაღის ომის დროს... შესაბამისად, დროა, სომხეთმა რაციონალური ნაბიჯები გადადგას.
"ახლა ძალიან ცივი გონებით უნდა ვიმსჯელოთ და ვიმოქმედოთ. როგორღაც შანსი მოგვეცა ევროპა დაინტერესდეს ჩვენით, რეგიონში მიმდინარე პროცესებით, აქ მშვიდობის არსებობით, ხოლო სომხეთს კი, ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა მიეცა. სწორედ ახლა - როდესაც რუსეთს ომი აქვს უკრაინაში და მისი ყურადღება, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალები უკრაინისკენ არის გადართული და იქ პოზიციების არდათმობა მისთვის უპირველესია.
ამიტომ თუ ომი დიდხანს გაგრძელდა, სასურველია და დიდი ალბათობით, უმეტესად რუსული დანაკარგებით, არც გიუმრის ხუთიათასკაციანი ბაზის დაცარიელებაა გამორიცხული. ასე რომ, არც ისე გრძელვადიან პერსპექტივაში გვაქვს მცირედი შანსი, როგორმე დავუძვრეთ უკრაინის დამსახურებით, ამ ქვეყნის დიდი შრომისა და დანაკარგის წყალობით, კარგად მორყეულ პუტინის რუსეთს. ასეთ დროს კი, ევროპა ინტერესდება ჩვენით. ეს კი ძალიან კარგი შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ასეა თუ ისე, სამხრეთ კავკასიაში ევროპის დაინტერესება რეგიონიდან, ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის გაძევების იმედს აჩენს..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, გორ არმათუნი.