საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით- ევროპარლამენტი | Allnews.Ge

საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით- ევროპარლამენტი

2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ამის შესახებნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად ახორციელებს ძალაუფლებას ხელში ჩაგდების კონცენტრირებას, ამასთანავე ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის.“

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეფასებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას.

„კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის მარცხი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები,“- აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება".

ამასთან, დოკუმენტში სუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც.

„ქართული მედიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ მედია გარემო პლურალისტურია, მედიის პოლარიზაცია პოლიტიკური კრიზისის პარალელურად გაიზარდა. სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში, უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეფასების თანახმად, 2020 წლიდან საქართველო მუდმივად ასრულებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს და ეფექტურად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებთან კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

დოკუმენტში დადებითად ფასდება თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით.

„თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით დადებითადაა შეფასებული, თუმცა საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა".

შეფასების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკანონმდებლო პროცესების კუთხით კარგ გზაზეა, ის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობის კუთხით.

„თუმცა, პროგრესი მიღწეულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია დოკუმენტში.