რუსი სამხედროები მასობრივად წერენ გათავისუფლებაზე განაცხადს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ- უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი | Allnews.Ge

რუსი სამხედროები მასობრივად წერენ გათავისუფლებაზე განაცხადს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ- უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

რუსი სამხედროები მასობრივად წერენ განაცხადს გათავისუფლების შესახებ და უარს ამბობენ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მოწინაღმდეგის პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მოტივაციის დონე კვლავ კრიტიკულად დაბალია.

„დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-20 გაერთიანებული არმიის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის სხვადასხვა დონის მეთაურები უარს ამბობენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეები მასობრივად წერენ გადადგომის წერილებს. სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე შეიარაღებული არმიის მე-4 სამხედრო ბაზის მე-2 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების პერსონალმა უარი თქვა უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. დაგეგმილია მათი დაბრუნება მუდმივი განლაგების პუნქტებში.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პერსონალის დანაკარგის ანაზღაურების მიზნით, რუსეთის ხელმძღვანელობა აწარმოებს კამპანიას სამოქალაქო მოსახლეობის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მიზნით. მსგავსი ღონისძიებები ტარდება როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ასევე დონეცკის, ლუგანსკის ოლქების და ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.