"ყარაბაღი ისევ დენთის კასრზე" - რა ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ მთიან ყარაბაღში?
უკვე მერამდენედ, პერიოდულად, მყიფე მშვიდობის ფონზე, მთიან ყარაბაღში ისევ ისმის სროლის ხმა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობების კვალდაკვალ, რუსეთმა რეგიონიდან სამხედრო ნაწილები გაიყვანა, სომხური მხარე ამბობდა, რომ "არცახის მოსახლეობას დაუცველობის განცდა აქვს." გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთი სოფელი დაიკავა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის ცნობით, აზერბაიჯანმა 2020 წლის შეთანხმება დაარღვია და ცეცხლი გახსნა. სომხური მედიის ცნობით, "პაპიკიანი ესაუბრა რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს, რომელიც 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა."
მათივე ინფორმაციით, შოიგუმ სომეხ კოლეგას უპასუხა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ზოგადად, რუსეთი, რეგიონში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს. "მისივე თქმით, ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგმება სიტუაციის მშვიდობიანად გადაჭრისთვის."
kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ყარაბაღში განვითარებულ პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა რუსეთი. შოუგუს უწყებაში ამბობენ, რომ - "აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბაქოსა და მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობების არსს და ასევე რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის 22 თებერვალს ხელმოწერილ მოკავშირეობისა და თანამშრომლობის დეკლარაციას." რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ზონაში შევიდა,
რუსეთის განცხადება უპასუხოდ არ დატოვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ და ბაქომ მოსკოვს განუმარტა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არანაირი მთიანი ყარაბაღის ადმინისტაციული და ტერიტორილი ერთეული არ არსებობს. "რაც შეეხება რუსეთის თავდაცვი სამინისტროს მიერ ნახსენებ სოფელს, რომელსაც ფურუხი უწოდეს, სინამდვილეში მას ფარუხი ჰქვია", - აცხადებენ აზერბაიჯანში.
ამასთან, აღნიშნული ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო რუსულ მხარეს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს “მთიანი ყარაბაღის” დასახელების გამოყენებისგან."როდესაც რუსული მხარე ვალდებულებებს გვახსენებს, მას მოვუწოდებთ, უზრუნველყოს აზერბაიჯანის საერთაშორისოდ ცნობილი ტერიტორიებიდან სომხეთის არმიისა და უკანონო სომხური შეირაღებული რაზმების გაყვანა, რასაც 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ითვალისწინებს", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.