"იმდენი დაჭრილია ჩამოყვანილი, რომ მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტლებში ადგილები აღარ არის" - რას ჰყვებიან მოსკოვში მცხოვრები ქართველები?
უკრაინაში შეჭრის და ომის გაჩაღების გამო ოკუპანტ რუსეთს უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციები დაუწესდა. რუსული ბიზნესი მილიარდობით დოლარს კარგავს. გაუფასურდა ქვეყნის ეროვნული ვალუტა, რუბლი. როგორ აისახა სანქციები ადგილობრივ მოსახლეობაზე ამის გარკვევა მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან ვცადეთ.
დიტო კილასონია:
- მოსკოვში სანქციების შემდეგ ეკონომიკურად ძალიან გართულდა ვითარება. ყოველ დღე მატულობს ფასები. გაორმაგდა შაქარის, წიწიბურას, მაკარონის, მარილის, ბრინჯის და ა.შ. საფასური. განსაკუთრებით ომის პირველ დღეებში იყო პანიკა, უცებ დაცარიელდა დახლები, ხალხმა სურსათის მარაგების შექმნა დაიწყო. ახლა მაღაზიებში პროდუქტები კია, მაგრამ ფასებია ძალიან მაღალი. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა შაქარზეა, რაც მაღაზიაში ხან არის, ხან - არ არის. რომ შემოიტანენ, ეგრევე ყიდულობენ. ტანსაცმლის ბრენდებიდან თითქმის ყველა გავიდა რუსეთიდან. ყველა ბრენდული მაღაზია დაიხურა. სოციალურ ქსელთან წვდომის პრობლემაა. "ფეისბუქი", "ინსტაგრამი", "იუთუბი" გათიშულია. ზოგჯერ "ვოცაპზეც" ჭირს დარეკვა. "ვაიბერი" ხშირად არ იხსნება. ძალიან გართულებულია ზოგადად ინტერნეტკავშირი. რუსული რუბლი ძალიან გაუფასურებულია. 1000 დოლარში გადამცვლელი ჯიხურები 80 000 რუბლს გაძლევენ, მაგრამ შენ რომ გინდა დოლარის ყიდვა, ვერ ყიდულობ, ჯიხურები არ ყიდიან დოლარს. არის დოლარის ბირჟა და იქ 1000 დოლარი რომ იყიდო, დაახლოებით, 140 000 -150 000 რუბლი უნდა გადაიხადო. ომის დაწყებამდე 1000 დოლარი 70 000 რუბლი ღირდა, კურსი გაორმაგებულზე მეტია. ხორცის, თევზის ფასი ფაქტობრივად, გასამმაგდა და ყოველდღიურად მატულობს. უნდა ნახოთ, როგორ ითვლიან აკანკალებული ხელით მოხუცები ხურდას და გრამობით ყიდულობენ პროდუქტებს.
"მერსედესი" მყავს და ამ მანქანის ზეთი 3000 რუბლი ღირდა, ახლა რომ დამჭირდა, 8000 რუბლად ვიყიდე, ეს მარაგები დამთავრდება და მერე, ალბათ, უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნება. რეზერვების ამოწურვის შემდეგ დეფიციტი იქნება და საკითხავია, მერე ფასები რა იქნება...
- თავად მოქალაქეების განწყობა როგორია?
- ასაკოვნები ვინც არიან, ძირითადად ტელევიზორს უყურებენ და იქ სულ დეზინფორმაციას უსმენენ. მოხუცებისგან ხშირად გაიგებთ, პუტინს სხვა გზა არ ჰქონდა, - ომი რომ არ დაეწყოო, მოკლედ, იმას იმეორებენ, რასაც უსმენენ ტელევიზორში. აქ უკრაინაში გარდაცვლილებზე არაფერს ამბობენ. მარიუპოლის თეატრი რომ დაიბომბა, აქ თქვეს, - "აზოვის ბატალიონმა" დანაღმა იქაურობა და ააფეთქა ხალხით სავსე თეატრიო... ყველაფერს უკრაინელებს აბრალებენ. მუდმივად ისმის, რომ ეს არის სპეცოპერაცია. ამ დღეებში მოვისმინე, - უკრაინელებმა ჩამოაგდეს კასეტური ბომბი, ჩვენ ვეცადეთ ამის განეიტრალება, მაგრამ ბოლომდე ვერ შევძელით და 25 ადამიანი დაიღუპაო. მოკლედ, ტელევიზორის ყურებას აზრი არ აქვს. არც ვუსმენ.
ტელევიზიის ეთერში რომ შევარდა ბანერით რედაქტორი, ის ციხიდან რომ გამოუშვეს, ესეც არავის უთქვამს. ითქვა მხოლოდ, რომ ის დააკავეს.
- ომის საწინააღმდეგო მიტინგები ისევ იმართება?
- თითქმის ყოველდღე იმართება მიტინგები, მაგრამ ეს არ არის ფართომასშტაბიანი. მაშინვე აკავებენ აქციის მონაწილეებს. იქვე დგას პოლიციის და "როსგვარდიის" მანქანები, პირდაპირ მიათრევენ მანქანებში და ძირითადად, 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან. ეტყობა პუტინს მართლა ეგონა, რომ ორ დღეში დამთავრდებოდა ეს ომი, მაგრამ ვხედავთ რა ხდება. მოსახლეობა ითხოვს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუზარდონ შემწეობა, ასევე პენსიონერებს პენსია. ძალიან რთული ვითარებაა. ბანკებიდან პირველ დღეებში დანაზოგი უამრავმა ადამიანმა გამოიტანა, უზარმაზარი რიგები იდგა. სესხებს თუ ადრე თავისუფლად გასცემდნენ და აქეთ გეხვეწებოდნენ, ახლა ასე არ არის. ბიზნესისთვის ყველაზე მაქსიმუმი შეიძლება 5 მილიონ რუბლამდე მოგცენ 15 პროცენტში, მაგრამ ასეთი პირობით: ეს თანხა უკან ერთ წელიწადში უნდა დააბრუნო, თან ამასაც ყველას არ აძლევენ.