".ყველაფერი გაძვირდა, დაიწყო ყაჩაღობები" - რას ჰყვება პეტერბურგში მცხოვრები ქართველი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე?
დაიწყება თუ არა ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და დაუბრუნდება თუ არა ოკუპანტი ქვეყანა 2000-იანი წლების დროინდელ ნიშნულს - ეს არის თემა, რომლის გარშემოც, უკრაინაში ინტერვენციის პარალელურად, რუსეთის მოსახლეობაში კამათი არ წყდება.
ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთს აქვს იმის რესურსი, დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს ღირსეულად უპასუხოს. სხვების მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში, რუსეთი ლოგიკურად დაუბრუნდება 90-იანი წლების დროინდელ მდგომარეობას, რადგან სრულ იზოლაციაშია...
mk.ru-სთან საუბარში, ეკონომიკური ექსპერტი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის ექსპერტი ოლეგ ბუკლემიშევი ამბობს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ეკონომიკამ პანდემიის უზარმაზარ ტალღას გაუძლო, ანტირუსულ სანქციებსაც გაუძლებს.
"შესაძლოა, რაღაც დროის განმავლობაში ამან ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დაამუხრუჭოს, თუმცა არანაკლებ მწვავედ აისახება თავად დასავლეთის ქვეყნებზე, რომლებიც საერთო რიტორიკას აყვნენ. სინამდვილეში, სოფლის მეურნეობის მსოფლიო ბაზარი ძალიან დიდ პრობლემებს შეეჯახება, რადგან სანქციები წარმოშობს დეფიციტს და მის კვალდაკვალ, კატასტროფული გაძვირება გარდაუვალია. ეს იქნება ბურღულეული, ზეთი თუ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათი..." - ამბობს ბუკლემიშევი.
კიდევ ერთი ეკონომიკური ექსპერტის, იური გრიგორენკოს მიმოხილვაში, რომელიც gmk.cente-მ გამოაქვეყნა წერია, რომ რუსეთი მზად არ იყო ასეთი მასშტაბის სანქციებისთვის და ახლა მას კატასტროფული ეკონომიკური კრიზისი ელოდება.
"უპრეცედენტო სანქციების ფონზე, კრემლი ცდილობს ამ ძალიან ცუდ თამაშში შედარებით კარგი სვლა გააკეთოს და ეს ყველაფერი მოსახლეობას ისე მიაწოდოს, თითქოს ეს სანქციები ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს, მაგრამ სატელევიზიო პროპაგანდას არ შეუძლია მაღაზიებიდან გამქრალი პროდუქტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან ამოღებული დოლარის დაბრუნება..." - მიაჩნია გრიგორენკოს,
ადგილობრივი ქართველი, რომელიც 20 წელზე მეტია სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს, ამბობს, რომ მოსკოვში, სოჭში, როსტოვში, პეტერბურგსა და სხვა მსგავსი მასშტაბის ქალაქებში სურსათის ნაკლებობა და მით უფრო, დეფიციტი არ შეინიშნება, მაგრამ ყველაფერი 5-6 ჯერ გაძვირდა, რაც ადგილობრივებს ძალიან აღიზიანებთ.
"აქ ჩემს გარშემო, უამრავმა ადამიანმა არც კი იცის, თუ უკრაინაში ასეთი მასშტაბური ომი მიმდინარეობს და ადამიანები იხოცებიან. ადგილობრივი პროპაგანდა ისე აწვდის მიმდინარე ამბებს, თითქოს პუტინის რეჟიმმა იმიტომ დახურა ოპოზიციური არხები და დაბლოკა სოციალური ქსელები, რომ თავისი მოსახლეობა გარყვნილი დასავლური პროპაგანდისგან დაეცვა, რადგან თურმე ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში გაჩენილი აგრესია, სუიციდი, მკვლელობები, ნარკოტიკებისადმი ლტოლვა და ათასი უბედურება, იქიდან მოდის.
ჩემი მეგობრები, ვინც პუტინის რეჟიმს ადეკვატურად აფასებს, შიშობს, რომ შორს არ არის იქამდე, რომ საკვებს საბჭოთა კავშირის წლებივით ტალონებით მიიღებენ... თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც მართლა სჯერა, რომ დასავლეთი ცუდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე და ამ პროპაგანდის კვალდაკვალ, უამრავი ადამიანი მარაგს ყიდულობს. ძირითადად, ყიდულობენ მარკეტებში დარჩენილ უცხოური წარმოების პროდუქტებსა და ჰიგიენის ნივთებს... განაგრძეთ კითხვა