Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რუსების მიმართ ძალადობის ენის შემცველი პოსტების განთავსების ნებას დართავენ | Allnews.Ge

Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რუსების მიმართ ძალადობის ენის შემცველი პოსტების განთავსების ნებას დართავენ

კომპანია Meta Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანია, ასევე დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ჩვენ დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა "სიკვდილი რუს დამპყრობლებს". თუმცა ჩვენ არ ვუშვებთ ძალადობრივ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ," - აცხადებენ კომპანიაში.

Reuters-ის ცნობით, დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.