ვოლოდიმირ ზელენსკი - გული მიკვდება იმისგან, რა უქნეს ოკუპანტებმა ჩვენს ქალაქებს, სახელმწიფოს და იმისგან, რისი გაკეთება სურთ მათ ჩვენი ხალხისთვის, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - გული მიკვდება იმისგან, რა უქნეს ოკუპანტებმა ჩვენს ქალაქებს, სახელმწიფოს და იმისგან, რისი გაკეთება სურთ მათ ჩვენი ხალხისთვის, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ

გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 60 ათასი ჩვენი მოქალაქის გადარჩენა და უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა მოხერხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკრაინულმა მხარემ კვლავ უზრუნველყო ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობა - ავტობუსები მობილიზებულია, სატვირთოებმა კი ქალაქებში ჰუმანიტარული ტვირთი წაიღეს.

„გუშინ ყოველსაათობრივად მოგვეწოდებოდა განახლებული ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომელთა გამოყვანა ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა. ჯამში გუშინ დღე-ღამის განმავლობაში და დღეს დილით 60 ათასზე მეტი ადამიანის გადარჩენა შევძელით.

დღეს ავტობუსები გაემართნენ და სატვირთოებს ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ ჩვენს ქალაქებში- მარიუპოლში, ვოლნოვახში, იზიუმში, სუმიში და კიევის ოლქის ქალაქებში - ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპენსა და გოსტომელში.

გული მიკვდება იმისგან, რა უქნეს ოკუპანტებმა ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სახელმწიფოს და იმისგან, რისი გაკეთება სურთ მათ ჩვენი ხალხისთვის, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში უკვე შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, თუმცა ეს მათთვის უბრალოდ გეგმის ნაწილია.

„მათ სურთ ჩვენი ხალხის დამცირება, რათა მათ მუხლებზე დაჩოქილებმა აიღონ პური, წყალი ოკუპანტის ხელიდან, რათა უკრაინელებმა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლით ან რუსეთში ჩასვლით შეძლონ,“- განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით ხდება მარიუპოლის, ვოლნოვახას და სხვა ქალაქების ბლოკირება.