"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ტერორიზმის გამოვლინება და შანტაჟის მცდელობაა" - რა მიზანი აქვს ოკუპანტი პუტინის ბირთვულ მუქარას?
27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში გადავიდნენ. ამის შესახებ მან კრემლში, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე განაცხადა. მიზეზად პუტინმა დაასახელა დასავლეთის ლიდერთა "აგრესიული გამონათქვამები“ რუსეთის მისამართით.
"ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ“, - თქვა პუტინმა.
დასავლეთის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რუსეთის წინააღმდეგ აწესებენ სანქციებს და აცხადებენ, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას უზრდიან. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს არ გაგზავნიან უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
როგორც ირკვევა, შემაკავებელ ძალებში შედის სტრატეგიული ბირთვული ძალები, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი საომარის სტრატეგიის ნაწილად და სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული ტერორიზმის გამოვლინებად მიიჩნევს, რითაც ის დასავლეთს აშანტაჟებს.
- პირდაპირ უნდა ვთქვათ, ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ტერორიზმის გამოვლინება, როდესაც სახელმწიფო მმართველობითი აპარატი საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს სახელმწიფოთა მეთაურების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების შანტაჟსა და ტერორიზმში. რეალურად, მიმდინარეობს ბრძოლა ორ ფრონტზე ეს არის უშუალოდ უკრაინა და საერთაშორისო ასპარეზი. რამდენად შორს წავა პუტინი, ეს დამოკიდებულია იმ მყარ პოზიციაზე, რომელსაც ამერიკა და განვითარებული ევროპული სახელმწიფოები დაიკავებენ. მაინც ვფიქრობ, რომ პუტინის შანტაჟი მათზე, ე.წ. კომფორტის ზონაზეა გათვლილი იმიტომ, რომ დანარჩენ პოსტსაბჭოურ სივრცეზე (სადაც კონფლიქტები აქვს რუსეთის ფედერაციას, ისედაც ტერორიზებულია მოსახლეობა, ანექსირებულია ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი ტერიტორიები) უკვე "მოგვარებული“ აქვს საქმე. მაინც მივიჩნევ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არასაკმარისი ღონისძიებები განახორციელა აღნიშნული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
- რუსეთის ლიდერმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დოქტრინაში რა წერია, არ იცის? თავდამსხმელ ქვეყანას აქვს მისი გამოყენების უფლება?
- განვითარებული მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ კანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, უკრაინასთან საომარი მოქმედებებით ყველა საერთაშორისო ნორმა დარღვეულია. უკრაინისა და საქართველოს გაერთიანება ნატოში შესაძლოა რუსეთის ფედერაციისათვის აღიქმებოდეს საფრთხედ, მაგრამ პუტინის ქმედებები ყველა ჩარჩოს გასცდა და საომარ მოქმედებამდე სადაზვერვო პროპაგანდის კონტექსტში მისი უშუალო გამოსვლა, მისთვის სასარგებლო საერთაშორისო აზრის მობილიზებისათვის საკმარისი არ იყო. ზოგადად, კონკრეტულ სახელმწიფოზე ზეგავლენისათვის სახელმწიფოები სადაზვერვო მეთოდებსა და ხერხებს იყენებენ, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით რუსეთს გარკვეული ვაკუუმი ჰქონდა შექმნილი, რაც უკრაინასთან დაკავშირებით, მისი მხარდაჭერის თვალსაზრისით, უცხო ქვეყნების სადაზვერვო აქტივობების დამსახურებაცაა. როდესაც სახეზეა საომარი მოქმედებების ინსპირირება, ამ დროს სამართალზე, სამწუხაროდ, ლაპარაკი გვიანია. აღარ აქვს მნიშვნელობა, გარკვეული პერიოდი მაინც, არც საერთაშორისო აქტებს, რა წერია დოქტრინაში, რაც ომისა და მშვიდობის პროცესში ნაკლები დამაზიანებელი შედეგების მაორგანიზებელია, რადგან საშინელ ძალასთან და უმძიმეს საომარ კონფლიქტთან გვაქვს საქმე.