ვინ არიან პუტინის ელიტის წევრები, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა? | Allnews.Ge

ვინ არიან პუტინის ელიტის წევრები, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა?

ამერიკული სანქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსული ელიტის ოჯახის წევრებს შეეხო, რომლებზეც ოფიციალური პირები თავიანთ ქონებას აფორმებენ. ფიზიკური პირების ეს სია აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რასაც უკრაინული პორტალი „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

სიაში შედის „ВТБ“ ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დენის ბორტნიკოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის ვაჟია. ასევე, Promsvyazbank-ის მმართველი, პიოტრ ფრადკოვი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, მიხეილ ფრადკოვის ვაჟია. შემდეგი არის VK Group-ის (VKontakte) აღმასრულებელი დირექტორი, ვლადიმირ კირიენკო. ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვაჟია. მამამისი რუსეთში საშინაო პოლიტიკის კურატორად ითვლება.

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სანქციების ქვეშ მოხვდნენ ბანკები Vnesheconombank (VEB) და Promsvyazbank, თავიანთი 42 შვილობილი კომპანიით.

განცხადებში წერია, რომ VEB-ს რუსეთში ინვესტიციების მისაზიდად გადამწყვეტი როლი აკისრია, ხოლო Promsvyazbank თავდაცვის სექტორს აფინანსებს. სანქციების შედეგად, ვერცერთი ბანკი შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვეღარ აწარმოებს და აშშ-ს ფინანსური სისტემისგან ჩაიხსნებიან. ასევე, აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფი მათი ყველა აქტივი დაუყოვნებლივ გაიყინება. აშშ-ს ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს ამ დაწესებულებებთან ბიზნესწარმოება ეკრძალებათ, თუკი მათ სპეციალური უფლებამოსილება არ აქვთ. განაგრძეთ კითხვა

myquiz