ძალის დემონსტრირება თუ პარანაოია? - რატომ მასპინძლობს რუსეთის ლიდერი დასავლელ კოლეგებს გიგანტურ მაგიდასთან
პოლიტიკაში ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, შთაბეჭდილების მოსახდენად, დიალოგის დროს უპირატესობის მოსაპოვებლად, მოსახიბლად ან დასაშინებლად არაერთი მეთოდი არსებობს, ისეთებიც, რომლებიც, შესაძლოა, უჩვეულოდ და უცნაურად გეჩვენებათ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ავეჯსა და ინტერიერს განსაკუთრებული როლი აქვს.
პოპულარულ სერიალ "სამეფო კარის თამაშებში“ ძალაუფლების მქონე უმაღლესი პირისთვის განსაზღვრულია რკინის ტახტი, რომელიც დამარცხებული მტრის გადამდნარი ხმლებისგანაა შექმნილი.
რკინის ტახტი "სამეფო კარის თამაშებიდან"
ჯეიმს ბონდის ფილმებში ბოროტმოქმედები იმით არიან ცნობილები, რომ თავიანთ საცხოვრებლებში ზვიგენების აკვარიუმები აქვთ განთავსებული და ეს ერთგვარი მეთოდია სხვებზე გავლენის მოსაპოვებლად, თუმცა ეს ფილმებში...
ვნახოთ, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში...
რეალურ ცხოვრებაში არსებობს ვლადიმერ პუტინი და მისი დამაბნეველი მასიური, გრძელი თეთრი მაგიდა, რომელიც ბოლო დღეებია მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. ეს ის მაგიდაა, რომელთანაც რუსეთის ფედერაციის ლიდერმა უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა. "ნიუ-იორკ თაიმსის" ვერსიით, უზარმაზარი, ოვალური მაგიდის სიგრძე 6 მეტრია, "გარდიანი" წერს, რომ მისი სიგრძე 4 მეტრი უნდა იყოს, ხოლო "ფრანს 24"-ის ვერსიით - 5 მეტრი.
მაგიდას აქვს სამი მასიური სადგამი და მასზე ერთადერთი, პატარა თაიგული დევს.
რატომ მასპინძლობს პუტინი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს გიგანტურ მაგიდასთან? - ოფიციალური მიზეზი
ოფიციალურად, პუტინი გიგანტურ მაგიდასთან დასავლელ ლიდერებს კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით იღებს. კრემლში ვიზიტისას, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ასევე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი განაცხადეს "რუსული პისიარ ტესტის" გაკეთებაზე, რის შემდეგაც პუტინთან დისტანცირებულ გარემოში მოუწიათ მოლაპარაკების გამართვა.
პუტინისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა კრემლში
"მაკრონს ორი არჩევანი ჰქონდა, ან რუსეთის ხელისუფლების მიერ "პისიარ“ ტესტის ჩატარებას დათანხმებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიუახლოვდებოდა, ან უარის შემთხვევაში, მისგან მკაცრი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვა. მაკრონმა ტესტზე უარი თქვა და ამ გზით რუსეთს მის დნმ-ზე წვდომის საშუალება არ მისცა", - წერს სააგენტო "როიტერსი."