მარია ზახაროვა - მოსკოვს აღარ აინტერესებს იენს სტოლტენბერგის განცხადებები, რომელიც გენმდივანია, თუ ბანკირი ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ | Allnews.Ge

მარია ზახაროვა - მოსკოვს აღარ აინტერესებს იენს სტოლტენბერგის განცხადებები, რომელიც გენმდივანია, თუ ბანკირი ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები მოსკოვს აღარ აინტერესებს, მისი არგუმენტები არასერიოზულია, რუსეთს სურს ნამდვილი დიალოგი. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ იენს სტოლტენბერგის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ნატო არ აპირებს უარი თქვას „ღია კარის“ პოლიტიკაზე.

ზახაროვას თქმით, საკითხები საგნობრივ საუბარს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოვიდა - მუნჯის საუბარი ყრუსთან.

„ჩვენ არ გვაინტერესებს აი, ეს განცხადებები, რომლებსაც სტოლტენბერგი აკეთებს, რომელიც გენმდივანია, თუ ბანკირი, მე ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ. ისინი ჩვენ უკვე აღარ გვაინტერესებს. ის არ არის ის ადამიანი, რომლის გამონათქვამები მოსკოვში განხილული იქნება სერიოზულ არგუმენტებად. ის უკვე ნატოს ჩამოგდებული მფრინავია. ამიტომაც, ორიენტირებულები ვიქნებით სერიოზულ საუბრებზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, თუკი ამისთვის მზად არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს საკითხები მოითხოვს საგნობრივ საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგვივა ისე, როგორც მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოგვივიდა - მუნჯის საუბარი ყრუსთან. გვსურს, რომ მხარეებს ერთმანეთის ესმოდეს და არ იყვნენ დაკავებული ერთმანეთისთვის ლექციების კითხვით, ან უბრალოდ ცარიელი განცხადებებით, რომლებიც მიმართულია არა ერთმანეთის შეშფოთების პატივისცემისკენ, არამედ უბრალოდ, ჰაერის რხევისკენ“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.