ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება | Allnews.Ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური ემუქრება.

”არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა დიპლომატიაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირმა მოამზადა სანქციების "მყარი" და "ყოვლისმომცველი" პაკეტი მოსკოვისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაზე უარესი სცენარი განხორციელდება.

”ჯერჯერობით [პაკეტი] ეხება ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორს,” - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნული სანქციები შეზღუდავს რუსეთის წვდომას ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე, მნიშვნელოვან პროდუქციასა და ტექნოლოგიაზე, რომელიც მას სჭირდება და რომლის მიწოდება და ჩანაცვლება იოლად არ ხდება.

„როგორც ვიცით, რუსეთის ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია წიაღისეული საწვავის ექსპორტზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საქონელსა და კაპიტალზე წვდომას და ამიტომ დეესკალაცია რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთიანობაა და ისინი ჩვენ მუდმივ კონტაქტში არიან ერთმანეთთან.