კიევი და ანკარა უკრაინაში Bayraktar-ის დრონების წარმოების გაფართოებაზე შეთანხმდნენ- ერდოღანისა და ზელენსკის შეხვედრის დეტალები
უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar-ის წარმოებას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ძალიან პრაქტიკულ შედეგამდე მიგვიყვანს, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ რეგიონის ქვეყნებსაც", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავიაციო და თავდაცვის ინდუსტრიაში უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობას.
„ჩვენი მიზანია კონკრეტული პროექტების განხორციელება, ერთობლივი საწარმოების შექმნა, გამოცდილების გაზიარება, ტექნოლოგიების გაცვლა. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უკრაინაში. ეს ნიშნავს ახალ ტექნოლოგიებს, ახალ სამუშაო ადგილებს, სახელმწიფოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმერ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ყირიმის ჩათვლით. მისი თქმით, თურქეთი მზად არის, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას უმასპინძლოს.
"ვაფასებ უკრაინელი ოფიციალური პირების გზავნილებს, რომლებიც უპირატესობას დიალოგსა და საღ აზრს ანიჭებენ. თურქეთი მზადაა, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაასრულოს კრიზისი ორ მეზობელს შორის შავ ზღვაში. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ შეხვედრებს ლიდერების ან ტექნიკური ჯგუფების დონეზე,“- აღნიშნა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში გუშინ ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრა 3 საათზე დიდხანს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, კიევში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ცხადყოფს, თუ ვინ არის უკრაინის მეგობარი.
"უკრაინა ამას არასდროს დაივიწყებს. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაძლიერდება არა საერთო საფრთხეებით, არამდე მხოლოდ საერთო გამარჯვებებით“, - აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის, ყველა პლატფორმაზე და ყველა ფორმატში იმოქმედოს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. უკრაინის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ ინიციატივისთვის, რასაც ის უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობის კუთხით იჩენს.