უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა რუსეთისთვის ტრაგიკული შეცდომა იქნება- ბორის ჯონსონი | Allnews.Ge

უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა რუსეთისთვის ტრაგიკული შეცდომა იქნება- ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო შეშფოთება გამოხატა.

„ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა,“ - წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს და აცხადებს, რომ „ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს უკრაინის შიდა კრიზისსა და რუსეთის ფედერაციისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი, იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიწოდებასთან დაკავშირებით.“

„რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა თავისი პრინციპული მიდგომები ამ საკითხებთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

მათი მტკიცებით, საუბრის დროს აღინიშნა, რომ ნატო არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს რუსეთის „საფუძვლიან შეშფოთებას“.

„ნატო არ არის მზად, უპასუხოს რუსეთის საფუძვლიან შეშფოთებებს, რადგან ის საბაბად იყენებს ალიანსის ე.წ „ღია კარის“ პოლიტიკას, რომელიც არღვევს უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტურ პრინციპს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

myquiz