ამერიკული "ჯაველინები", ბრიტანული რაკეტები, თურქული დრონები და რაც მთავარია, მოტივირებული ჯარი - როგორია უკრაინული თავდაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ?
"ომის ზღვარზე" - ასე უწოდებენ უკრაინასა და რუსეთს შორის ამ წუთისთვის არსებულ ვითარებას. დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ყოველ დღე მატულობს. 2014 წლის რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, უკრაინის შეიარაღება მნიშვნელოვნად შეიცვალა, უფრო გაძლიერდა, გაუმჯობესდა და როგორც france24 წერს, მან ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან "ცოტაზე უფრო მეტი დახმარება მიიღო."
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ რუსული არმიის უკრაინაში ნებისმიერი ფორმით "შეჭრას" მოჰყვება შესაბამისი პასუხი აშშ-სგან. ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლას, მანვე გააფრთხილა მოსკოვი, რომ "პასუხი იქნება მკაცრი".
უკრაინის მხარდასაჭერად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა უკვე დიდმა ბრიტანეთმა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას, თავდაცვის მიზნით, უგზავნის სამხედრო აღჭურვილობას. ძირითადად მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
თავის მხრივ, უკრაინის მხარე მოსამზადებლად უფრო და უფრო სწრაფ ქმედებებზე გადავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის შეფასებით, რუსეთმა დაახლოებით, 100 000 ჯარისკაცი განათავსა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.
"გასულ ოთხშაბათს რუსეთში განაცხადეს, რომ მათ ბელარუსში წვრთნებისთვის სამხედრო ნაწილები გაგზავნეს. ეს კი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, შეტევა განახორციელოს უკრაინაზე ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან. ამ ამბიდან 24 საათის შემდეგ, რუსეთმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გეგმავს სამხედრო წვრთნები ჩაატაროს ატლანტის, წყნარი ოკეანის, არქტიკისა და ხმელთაშუა ზღვის წყლებში, რაც მოიცავს 140-ზე მეტი სამხედრო გემისა და ხომალდის განლაგებას", - წერს france24.
ყოველივეს პარალელურად მოსკოვი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას და ამავდროულად, დეესკალაციის სანაცვლოდ, მოითხოვს, უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდეს.
ამავდროუილად, აშშ-მა მწვანე შუქი აუნთო ბალტიისპირა ქვეყნებს - ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას, შეიტანონ ამერიკული წარმოების იარაღი უკრაინაში. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უგზავნის უკრაინას თავდაცვის საშუალებებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით. განაგრძეთ კითხვა