უილიამ კორტნი - საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს | Allnews.Ge

უილიამ კორტნი - საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს

საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი "ტვიტერზე" წერს და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს.

"საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს. მოელიან თუ არა ეს ლიდერები, რომ საქართველო ერთგულ მეგობრებს კიდევ სხვაგან იპოვის?", - წერს კორტნი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც კობახიძე განცხადებაში აღნიშნავს, „ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი.

„ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.

საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.

თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს.

მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.