რა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის ავღანეთში მიმდინარე პროცესები? | Allnews.Ge

რა საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის ავღანეთში მიმდინარე პროცესები?

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის თქმით, "თალიბანის" გაძლიერების შემდეგ ისევე როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ტერორიზმის საფრთხე შესაძლოა გაიზარდოს.

"ფაქტია, რომ "თალიბანის" დაბრუნების შემდეგ სხვა ტერორისტული ორგანიზაციებიც გამოიღვიძებენ, შესაბამისად, მსოფლიოში და მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც, ტერორისტული რისკი გაიზრდება. საშინელებაა, რაც ავღანეთში მოხდა. ეს არის დიდი ტრაგედია. მხოლოდ ტერაქტს არ ვგულისხმობ, რომელიც თვითონ თალიბებისთვისაც საზიანო იყო. ავღანეთში "თალიბანის" რეჟიმის დაბრუნებაა საშინელება.

tvalchrelidze-sandro-1630312421.jpg

თავის დროზე მოჯაჰედები ამერიკელებმა შექმნეს ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთ-ერთი პირველი, ვინც გაწვრთნეს და დააფინანსეს, იყო უსამა ბინ ლადენი. "ისლამური სახელმწიფოც" იმ ჯგუფების საფუძველზე შეიქმნა, რომელთაც ამერიკელები ამარაგებდნენ ფულითა და იარაღით ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასე რომ, ამერიკის წინდაუხედავი და გაუთვლელი ნაბიჯების შედეგია ეს ყველაფერი.

კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ და დგამენ რაღაც ნაბიჯს ისე, რომ არ ფიქრობენ, 10 წლის შემდეგ ეს რა შედეგს მოიტანს.თალიბების მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოძრაობაა ისლამურ სამყაროში. ახლა, ალბათ, სახელმწიფოს აშენებას ეცდებიან, მაგრამ ეს სახელმწიფო გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ირანი. ეს იქნება არნახულად სასტიკი ისლამური რეჟიმი, სადაც შარიათის ყველა მუხლი იქნება დაცული. მოკლედ, საქმე გვაქვს საშინელ რეგრესთან, რაც რეგიონზე დიდ გავლენას მოახდენს. ავღანეთში "თალიბანის" გამარჯვებამ ყველა ტერორისტული ორგანიზაცია გაააქტიურა, პირველ რიგში კი "ისლამური სახელმწიფო". მადლობა ღმერთს, რომ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და პირდაპირი საფრთხე ახლა არ გვემუქრება, მაგრამ როგორც ტერორისტული, ასევე ნარკოტრაფიკის საფრთხე საქართველოსთვის იზრდება."- აცხადებს ის.

myquiz