ისრაელი „ბუსტერ“ დოზას ყველა ვაქცინირებულს სთავაზობს | Allnews.Ge

ისრაელი „ბუსტერ“ დოზას ყველა ვაქცინირებულს სთავაზობს

ისრაელი “ფაიზერის“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზას 12 წლის ასაკის ზემოთ ყველა ვაქცინირებულ პირს სთავაზობს.

ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა პირებმა ონლაინ რეჟიმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ვაქცინის პირველი ორი დოზის ეფექტი სუსტდება ხუთი თვის შემდეგ და ადამიანებმა, რომლებიც 5 თვის წინ აიცრნენ, დამატებითი, მესამე დოზა უნდა მიიღონ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმ მოქალაქეების 90 პროცენტს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ისრაელში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ, აცრა 5 თვეზე მეტი ხნის წინ ჰქონდათ გაკეთებული.

”მესამე დოზა გვაძლევს დაცვის იმ დონეს, რომელიც მეორე დოზით აცრის შემდეგ მიიღწევა. ეს ნიშნავს, რომ მესამე დოზის მიღებით ადამიანები 10 -ჯერ უფრო დაცული ხდებიან,“- განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა შერონ ალროი-პრეისმა.

ისრაელმა „ბუსტერ“ დოზის შეთავაზება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. მისი მიღების შესაძლებლობა თავდაპირველად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი, შემდეგ კი ეს ასაკობრივი ზღვარი თანდათან შეამცირეს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9.3 მილიონს შეადგენს, მესამე დოზით 2 მილიონამდე ადამიანია აცრილი.

”უკვე გვაქვს შედეგები: მძიმე ავადობის ზრდა შენელდა, მაგრამ მესამე დოზით ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა ავცრათ. მოვუწოდებ 12 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ გაიკეთონ მესამე დოზა,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

myquiz