"ზოგს შინაპატიმრობა, ზოგსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება"- ცნობილი ავღანელი ქალები, რომლებსაც "თალიბანი" "გაასამართლებს"
რამდენიმე დღეში მოულოდნელად შეცვლილი ავღანეთის ბედი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამერიკის, დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, თითქოს ცდილობდა ცივილური სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი...
ბოლო მონაცემებით, ავღანეთში განვითარებული მოვლენები სიმშვიდის საფუძველს არც ადგილობრივებს აძლევს და არც დანარჩენ მსოფლიოს. დროებითმა მმართველობამ ქაბულის უსაფრთხოება ტერორისტული ორგანიზაცია "ჰაქანის" ქსელის უფროს წევრებს ჩააბარა, რომელთაც მჭიდრო კავშირები აქვთ უცხოურ ჯიჰადისტ ჯგუფებთან, მათ შორის - ალ-ქაიდასთან.
არადა, მას შემდეგ, რაც ქაბულიც აიღეს და ქვეყნის მმართველობა "თალიბანმა" ჩაიბარა, აცხადებდნენ, რომ 1996-2001 წლის მმართველობის სტილს აღარ დაუბრუნდებოდნენ, დაცული იქნებოდა ადამიანთა უსაფრთხოება, შემწყნარებლები იქნებოდნენ ქალების მიმართ და "შარიათის კანონის" ფარგლებში მათი უფლებები დაცული იქნებოდა...
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დაჯგუფება "ჰაქანის" ლიდერი, ხალილ ალ-რაჰმანი 2001 წლის თებერვალში, შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გლობალურ ტერორისტად გამოაცხადა. მასზე დაწესებული იყო ჯილდო მილიონი დოლარი. ის გაეროს ტერორისტთა სიაშიცაა.
სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების კვალდაკვალ, მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ავღანეთში დარჩენილი იმ ქალების ბედსაც, რომლებიც აშრაფ ღანის ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციების დამსხვრევას ცდილობდნენ, სამსახური და კარიერა ჰქონდათ, რეალიზებულები იყვნენ...
"თალიბანის" მმართველობის პირობებში, ზოგს შინაპატიმრობა, ზოგს კი, სიკვდილით დასჯა ემუქრება. გააჩნია, ტერორისტული ორგანიზაციის "დამოუკიდებელი სასამართლო" როგორ გადაწყვეტს.
დასავლური მედიის ცნობით, ამ სიაშია, ავღანეთის პირველი და ერთადერთი რეჟისორი და დოკუმენტალისტი ქალი საჰრა ქარიმი, რომელიც სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს, რომ "თალიბანის" მოსვლის შემდეგ, სხვა ქალებთან ერთად, რამდენიმე დღე ქაბულის აეროპორტთან ახლოს, ტყეში იმალებოდა. შემდეგ კი სამხედროებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს.
მას მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაუსწორდნენ, რომ ვენეციის კინოფესტივალში მონაწილეობდა. თუმცა, მხოლოდ ის არ არის "თალიბანის" სამიზნე.
"მილიონობით ავღანელი ქალი, რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლეს თავიანთი ცხოვრების აწყობა, ქუჩაში მარტო გამოდიოდნენ, საქმიანი ტანისამოსით, პიჯაკითა და შარვლით და არა, ბურკით ან ჩადრით, არ იფარავდნენ სახეს, ატარებდნენ მანქანას, მისდევდნენ სპორტს, ახლა უდიდესი რისკის წინაშე არიან. "თალიბანის" დაპირებებს, რომ არავის არაფერს დაუშავებენ, უკვე აღარავინ ენდობა, რადგან ტერორისტებმა უკვე დაიწყეს იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც ამერიკულ ან სხვა ქვეყნის ორგანიზაციებში მუშაობდნენ..." - წერს დასავლური მედია.
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის გადმოცემით, "თალიბანის" წევრები კარდაკარ დადიან და დასაქმებულ ადამიანებს ტელეფონებს ართმევენ, სადაც მთავრობის წევრებისა და სხვა "საეჭვო პირების" კონტაქტებს ეძებენ.
"მიმდინარე პროცესებმა ბევრს პაკისტანელი გოგონას, მალალა იუსაფზაის ისტორია გაახსენა, რომელსაც ტერორისტებმა მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ სკოლაში დადიოდა. გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა სამშობლოს დატოვება და ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლა მოუწია. ის დღემდე იბრძვის ბავშვთა, განსაკუთრებით კი გოგონათა განათლების უფლებებისთვის" - წერს გამოცემა.
ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, "თალიბანი" უკვე შეუდგა საგანმანათლებლო ბანერების დემონტაჟს. მათივე თქმით, ქვეყანა შეუდგება გოგონებისა და ვაჟების ცალ-ცალკე დაწესებულებებში განათლების სისტემას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალების განათლება სრულად შეიზღუდება, როგორც ეს 1996-2001 წლებში იყო, რა დროსაც ქალებს განათლების უფლება არ ჰქონდათ. ზოგ შემთხვევაში კი, მხოლოდ 10-12 წლამდე შეეძლოთ სკოლაში სიარული. შემდეგ კი, ოჯახის, სანათესაოს ან მოლას გადაწყვეტილებით ათხოვებდნენ.
დასავლური მედია წერს, რომ ავღანეთი მალე იგივე ტრადიციას დაუბრუნდება. მანამდე კი გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ იმ ქალებს, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში იყო დასაქმებული და მის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა.
29 წლის ზარიფა გაფარი, ავღანური ქალაქ მაიდან-შარის მერი იყო. ის ავღანურ პოლიტიკაში ქალების დაბრუნების სიმბოლო გახდა. ეს ქალაქი ქაბულიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და კონსერვატორი მოსახლეობით გამოირჩევა... 2018 წელს, თავისი მუშაობის პირველ დღეს, ის ადგილობრივი მამაკაცებისგან ქვებით ჩაქოლვას გადაურჩა.
ის თავის ქალაქში სამუშაოდ ქაბულიდან დადიოდა, რადგან იქ მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. გასულ წელს, "თალიბებმა" მამამისი სიკვდილით დასაჯეს.
"ვიცი, რომ ოდესმე მეც მესვრიან" - ამბობდა New York Times-სთან ინტერვიუში ახალგაზრდა ქალი. "თალიბანის" შემოსვლის დღეს, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქაბულში მის ბინაში იჯდა და ელოდა, როდის მიუკაკუნებდნენ ტეროროსტები...
"ისინი უამრავ ჩემნაირს მიადგებიან და მოკლავენ. შემიძლია აქაურობის დატოვება, მაგრამ ჩემს ოჯახს ვერ დავტოვებ..." - წერდა ის. ამის შემდეგ, მასზე არავითარი ცნობები არ ვრცელდება.
ზარიფა გაფარი
თანამედროვე ავღანელი ქალი შამსია ჰასანი ქალაქის ქუჩების მოხატვით იყო დაკავებული. სოციალურ ქსელში მან რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ვერ გაიგო, რატომ ებრძოდნენ "თალიბები" ქალებს. რატომ არ სურთ, ისინიც ამ სამყაროში ცხოვრობდნენ.
"ეს ეხება როგორც "თალიბანს", ასევე "აისისის". მე მინდა მშვიდობა, მინდა ჩემი ხალხისთვის და ჩემი ქვეყნისთვის," - წერდა გოგონა. ის წარმოშობით ირანელია. 2005 წელს ქაბულის უნივერსიტეტში ხელოვანის სტატუსი მიიღო. განაგრძეთ კითხვა