ავღანეთის ახალი რეალობა: პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, "თალიბანი" მთელ ტერიტორიას აკონტროლებს - რა ბედი ელით ქალებს და რისი ეშინიათ მათ
დაჯგუფება "თალიბანმა" დღეს გამოაცხადა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" იუწყება.
თალიბების განცხადებით, ქვეყნის დედაქალაქში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, მოძრაობა "თალიბანმა" კონტროლი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა.
ამავე ტელეარხის ინფორმაციით, დაჯგუფებამ დაიკავა ქვეყნის ყველაზე დიდი ბაგრამის ავიაბაზა. მათ გაათავისუფლეს ადგილობრივ ციხეებში მყოფი პატიმრებიც.
გარდა ამისა, ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით, BBC იტყობინება, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა. ქაბულში "თალიბებმა" პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს. ადგილობრივი ჟურნალისტის ინფორმაციით, "თალიბებსა" და ავღანეთის მთავრობას შორის შეთანხმების ნაწილი იყო ის, რომ ავღანეთის პრეზიდენტი შეუერთდებოდა სასახლეში ძალაუფლების გადაცემის ცერემონიალს, მაგრამ მან და მისმა თანაშემწეებმა ქვეყანა დატოვეს.
დაჯგუფება "თალიბანის" წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. გამოცემა წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქი დატოვოს. როგორც "თალიბანის" პრესსპიკერი სუჰაილ შაჰენი აცხადებს, ავღანელი ხალხის მიმართ შურისძიება არ მოხდება.
„ჩვენ გვინდა ავღანეთში მცხოვრებ ხალხს, ძირითადად ქაბულში მყოფებს ვუთხრათ რომ, მათ სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და ქონებას საფრთხე არ ემუქრება. ისინი შურისძიების მოტივით მომხდარი თავდასხმის მსხვერპლები არ გახდებიან. ჩვენ ხალხისა და ამ ქვეყნის მსახურები ვართ“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.
სუჰაილ შაჰენმა ასევე აღნიშნა, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მკაცრად გააფრთხილეს მებრძოლები ქაბულის შესასვლელებში დარჩნენ, რათა მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალება მიეცეთ.
პრესსპიკერის თქმით, უახლოეს მომავალში ავღანეთის ისლამური მთავრობა შეიქმნება, რომლის წევრებიც მხოლოდ "თალიბანის" წევრები არ იქნებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა, რადგან „თალიბანი” დედაქალაქ ქაბულში შევიდა.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მილიარდობით დოლარი დახარჯა აშშ-ს ოთხი ადმინისტრაციის პირობებში ავღანეთის სამთავრობო ძალების გაძლიერებაში, რათა მათ უპირატესობა ჰქონოდათ „თალიბანთან“ მიმართებაში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს თალიბანის წინსვლის შეჩერება.
"საქმე ის არის, ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ძალებს არ შეუძლიათ დაიცვან ქვეყანა", - აღნიშნა ბლინკენმა და დასძინა, რომ "ეს მოხდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით".
***
ბოლო დროს თალიბებმა საკმაოდ მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწიეს, მათ ისარგებლეს ავღანეთის ოფიციალური ხელისუფლების არმიის დემორალიზებით და ზედიზედ დაიკავეს ავღანეთის დიდი ქალაქები. ახლა კი უკვე ქაბულიც მათ ხელშია.
რაც უფრო ახლოვდება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ბოლო ქვედანაყოფების გამოყვანის თარიღი - 31 აგვისტო, საერთაშორისო პრესაში მით უფრო მატულობს პუბლიკაციები, რომლებშიც ქვეყნის საკმაოდ უიმედო მომავალზეა საუბარი.
გთავაზობთ უცხოური პრესის რამდენიმე პუბლიკაციას, შემოკლებული სახით:
თურქულ გაზეთ „ჰურიეთ“-ში (Hürriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სიბნელე, რომელიც ავღანელ სკოლის მოსწავლე გოგონებს და საერთოდ ქალებს ელოდებათ თალიბების მიერ ქაბულის აღების შემთხვევაში“ (ავტორი - სედაქ ერგინი). პუბლიკაციაში საუბარია იმ „შავ-ბნელ“ პერსპექტივაზე, რომელშიც ავღანელი ქალები აღმოჩნდებიან, თუ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულს თალიბები დაიკავებენ.
როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თალიბანის გამარჯვება აღიარა და 20 წლის შემდეგ იძულებული გახდა, რომ ხელისუფლება ისევ მათთვის გადაეცა. რისთვის დაიწყო ამერიკამ 2001 წელს ომი „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ წინააღმდეგ, თუ ასე სირცხვილით დაასრულებდა?
თალიბები ირწმუნებიან, რომ ისინი ბნელ ძალას არ წარმოადგენენ (როგორც მათ დასავლეთი უწოდებდა) და ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მათი იდეოლოგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაძლოა, მართლაც ასეა, რაღაც მართლაც შეიცვალა, მაგრამ არა ქალების მიმართ.
გაეროში ამას წინათ ავღანეთის შესახებ სპეციალური სესია გაიმართა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა გაეროს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი დებორა ლაიონსი, რომლის თქმით, თუ დასავლეთმა რაიმე ზომები არ მიიღო, ავღანეთს კატასტროფა ემუქრება - ისეთი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ქვეყნის საზღვრებსგარეთაც მოახდენს.
შიში "თალიბანისადმი" - რატომ ეშინიათ განსაკუთრებით ქალებს?არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გაეროს წარმომადგენელმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება: ავღანელი ქალების მდგომარეობა თალიბების ხელისუფლების პირობებში. როგორც დებორა ლაიონსი ამბობს, ბევრმა ავღანელმა ქალმა შესჩივლა მას, რომ თუ თალიბები ქვეყნის ხელისუფლებაში მოვლენ, ისინი ავღანელ ქალებს ან დახოცავენ, ან ისევ უუფლებოდ გადააქცევენ - და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სახელმწიფო სტრუქტურებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ. დიდი ალბათობით, ქალებს განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებში ძალიან შეზღუდავენ.
„ავღანური საზოგადოება შეშფოთებით ელოდება, რომ მათ ოცნებებს ნათელ მომავალზე, რომლის იმედიც ჰქონდათ, სიბნელის ჩრდილი დაფარავს. ჩემთვის ძნელია გადმოგცეთ ის შიში, რომლებსაც ქაბულში ყოფნის დროს, ქალებთან საუბრისას ვაწყდებოდი“, - ამბობს დებორა ლაიონსი. - „ისინი უკვე საკუთარ თავზე კი არა, საკუთარი გოგონების ბედზე დარდობენ. ერთმა ავღანელმა ქალმა მითხრა - ვნანობ, რომ ქალიშვილს განათლების შესაძლებლობა მივეცი, რადგან ახლა ის შეიძლება ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდეს“. ამ ფრაზის შემდეგ დებორა ლაიონსმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მიმართა: „საბჭოს წევრებო, ვისაც გოგონები გყავთ, განა მოგისმენიათ ამაზე უფრო უიმედო ფრაზა, როცა მშობელი გოგონას განათლებას ნანობს?“.
თუ ავღანეთში მმართველობა სრულად „თალიბანის“ ხელში გადავა, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ქვეყანა დაკარგავს იმ მიღწევებს, იმ პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს, რაც 2002-2021 წლებში მოიპოვა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს თალიბების იდეოლოგია, რომლის მიხედვით ქალები შარიათის კანონებს უნდა დაემორჩილონ და გოგონებს სწავლა-განათლება აეკრძალოთ. გახშირდა თალიბების თავდასხმები განათლების იმ დაწესებულებებზე, სადაც გოგონები სწავლობენ. ყველას ახსოვს საზარელი ფაქტი, როცა 10 მაისს ქაბულში ტერორისტებმა გოგონების სკოლა ააფეთქეს. დაიღუპა 85 გოგონა, 13-დან 18 წლამდე. მართალია, თალიბებმა უარყვეს თავიანთი მონაწილეობა, მაგრამ გამოძიებამ დაადასტურა, რომ სწორედ მათი ჩადენილი იყო.
მამაკაცები გარბიან, ქალები კი რჩებიან...ამას წინათ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდა მასალა, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები, როცა იგი ქაბულის გოგონათა სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ესაუბრა. მათ ყველაზე მეტად აშფოთებთ ის, რომ ვაითუ თალიბებმა ისევ ჩადრისა და ფარანჯის ტარება მოითხოვონო. ერთ-ერთმა მოსწავლე, 17 წლის ბელქის ნიაზი ამბობს, რომ "თალიბების" ხელისუფლებაში მოსვლით ქვეყანა 100 წლით უკან დაიხევს“. 18 წლის საფიე ჰუსეინი რადიკალურად არის განწყობილი თალიბების მიმართ: „რაც უფრო მეტად შეავიწროვებენ ქალებს, უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებენ. ჩვენ ისეთები აღარ ვართ, როგორც 20 წლის წინ ვიყავით“. საფიეს თანატოლი ბეხიშტე ამინი ამატებს: „მე არ ვიცი, გავაგრძელებს თუ არა სწავლას, მაგრამ თუ მამაკაცებს შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა, ჩვენ არანაკლებს შევძლებთ“.
თუმცა... მიუხედავად იმისა, რომ გოგონები თამამად ლაპარაკობენ, მაინც ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ თუ, რა ელოდებათ ახლა ბელქისს, საფიესა და ბეხიშტეს. სკოლის დირექტორი ნესრინ ნურზაი მწარედ ამბობს: „ბიჭები ქვეყნიდან გარბიან, გოგონები კი რჩებიან“.
ავღანეთი ხვალის შემდეგ...ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში (სათაურით „ავღანეთი ხვალის შემდეგ“) ქვეყნის არასასიამოვნო პერსპექტივაა გადმოცემული „თალიბანის“ ხელისუფლების პირობებში (ავტორი - ჟან-ლუი ტრამბლე).
"როგორი იქნება ავღანეთი ამერიკელების საბოლოოდ წასვლისა და „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ? ვაშინგტონს თალიბების დასჯა სურდა 2001 წლის ტერაქტების გამო, მაგრამ დღეს ისინი უფრო ძლიერები ბრუნდებიან, როგორც არასდროს. როგორც თალიბები აცხადებენ, უკვე ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ. როგორია ამერიკელთა ოდისეის შედეგები? 150 ათასი დაღუპული და და ქარს გატანებული 2 ტრილიონი დოლარი, - წერს ავტორი, - გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პოსტამერიკული ავღანეთი უკვე ნარკოსახელმწიფოდ გადაიქცევა, რომელიც დღესაც კი მსოფლიოში ჰეროინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია".
როგორც ავტორი აღნიშნავს, ამერიკელების წასვლის შემდეგ ცარიელი ადგილი არ დარჩება, მათ ნაწილობრივ თურქეთი ჩაანაცვლებს.
„თურქეთს იმედი აქვს, რომ ავღანეთის მთავარ აეროპორტს გააკონტროლებს და ემიგრანტებს ქვეყნიდან არ გაუშვებს, რომლებიც ყოველდღიურად გარბიან. თვით თურქეთში ამჟამად რამდენიმე ათეული ათასი ავღანელი მიგრანტი იმყოფება“. ამასთან, პარადოქსულია, რომ არც ჩინეთს და არც ირანს, ანუ ამერიკელების კონკურენტებს, ასეთი სიტუაცია - ამერიკის მარცხი ავღანეთში - არ სიამოვნებთ: ჩინეთს, რომელსაც ავღანეთთან 75-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, შიშობს, რომ თალიბები მხარს დაუჭერენ მოსაზღვრე სინძიან-უიღურელ ისლამისტ სეპარატისტებს, ხოლო ირანს, ავღანეთთან 900-კილომეტრიანი საზღვრით, ასი ათასობით ავღანელი ლტოლვილებისა და მიგრანტების მატება არ სურს. რაც შეეხება რუსეთს: კრემლი გრძნობს, რომ ამერიკელების წასვლით ავღანური საფრთხე მის „ახლო საზღვარგარეთს“, ანუ შუა აზიას დამუქრება, იქიდან კი უშუალოდ თვითონ რუსეთს. ამიტომაც მოსკოვი სასწრაფოდ ამაგრებს თავისი შუააზიელი მოკავშირეების საზღვრებს, აწყობს ერთობლივ წრთვნებს“, - აღნიშნავს გაზეთი.