რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს
მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის სამხატვრო აკადემიური თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ამჟამად კი თეატრის პრეზიდენტმა, სსრკ სახალხო არტისტმა ტატიანა დორონინამ რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს თხოვნით მიმართა, რომ თეატრის გადარჩენაში დაეხმაროს. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის ედუარდ ბოიაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება.
"ჩვენი თეატრიდან სასწრაფოდ უნდა იქნენ გაძევებული ვაჭრუკანები. თუ დღევანდელი არაპროფესიონალი და უნიჭო სამხატვრო ხელმძღვანელი ისევ თანამდებობაზე დარჩება, მაშინ ჩვენი ოდესღაც დიდებული თეატრისგან მოგონებაც კი აღარ დარჩება... ყველაფერს შთანთქავს ხულიგნური, გარყვნილი, უხამსი გასართობი საესტრადო-საცირკო ბალაგანი“, - აღნიშნავს ტატიანა დორონინა. მისი თქმით, ედუარდ ბოიაკოვმა თეატრიდან ნიჭიერი მსახიობები განდევნა, რეპერტუარი კი, დეკორაციებთან ერთად, "თითქმის განადგურებულია“.
ტატიანა დორონინა
თავის მხრივ, თეატრის პრესსამსახურში, ტატიანა დორონინას ბრალდების საპასუხოდ განაცხადეს, რომ მსახიობი დიდი ხანია თეატრში არ დადის და არცერთ პრემიერაზე არ გამოჩენილა. "ჩვენ არ ვიცით, იგი ვის რას უყვება. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 87 წლის ტატიანა ვასილევნას სახელით გარკვეული პირების წრე მანიპულირებს, თავიანთი ანგარებითი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.
უფრო ადრე რუსმა სენატორმა ალექსი პუშკოვმა წინადადება წამოაყენა, გორკის სახელობის თეატრისთვის სახელის გადარქმევის შესახებ - მას მერე, რაც მომღერალმა ოლღა ბუზოვამ თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში, სახელწოდებით: "შესანიშნავი ქართველი“, ერთ-ერთი როლი შეასრულა. როგორც სენატორმა აღნიშნა:
ოლღა ბუზოვა - სცენა სპექტაკლიდან
"მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის სამხატვრო აკადემიური თეატრის ვარსკვლავი ბუზოვა - ეს ძალიან საშინლად ჟღერს, თვით ამ სიტყვების სარკაზმის გათვალისწინებით. დროა თეატრს სახელი გადაერქვას“.
რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმაც, თავის მხრივ, გააკრიტიკა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ედუარდ ბოიაკოვის გადაწყვეტილება ოლღა ბუზოვას მსახიობად აყვანის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხმაურიანი რეკლამის მიზნით განხორციელდა.
"განა წარმოგიდგენიათ სტანისლავსკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო ან ვახტანგოვი, რომლებიც თეატრში, თავიანთ სპექტაკლებში არაპროფესიონალ მსახიობებს იღებენ ხმაურიანი რეკლამის მიზნით?“, - კითხვა დასვა ნიკიტა მიხალკოვმა. მან ივარაუდა, რომ "ინსტაგრამში“ ოლღა ბუზოვას 23 მილიონი ხელმომწერიდან თეატრში არავინ დადის".
თვითონ ოლღა ბუზოვა კი სპექტაკლს, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, "წლის მთავარ პრემიერად“ მიიჩნევს. ბუზოვას თქმით, ეს არის მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა:
"ამ სპექტაკლით ჩემი იმ დროის ოცნება ახდა, როცა ჯერ კიდევ 16 წლის გოგონა ვიყავი“.
დადგმაში ოლღა ბუზოვა კაბარეს მომღერლის ბელა შანტალის როლს ასრულებს. როგორც ედუარდ ბოიაკოვმა განმარტა, სპექტაკლისათვის აუცილებელი იყო "ისეთი ადამიანის სახე, რომელიც მასობრივ კულტურას მიეკუთვნება და რომელიც იმავდროულად, მასმედიას დღის წესრიგს კარნახობს და განუსაზღვრელ ძალაუფლებას იღებს“.