ახალი მკაცრი კანონი ჩრდილოეთ კორეაში- ქვეყანაში სასტიკად დასჯიან პირებს, რომლებიც უცხოურ ფილმებს უყურებენ ან უცხოურ ჟარგონებს გამოიყენებენ | Allnews.Ge

ახალი მკაცრი კანონი ჩრდილოეთ კორეაში- ქვეყანაში სასტიკად დასჯიან პირებს, რომლებიც უცხოურ ფილმებს უყურებენ ან უცხოურ ჟარგონებს გამოიყენებენ

ჩრდილოეთ კორეამ შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიზანი ნებისმიერი სახის უცხოური გავლენის აღმოფხვრაა, კერძოდ, კანონი ითვალისწინებს სასტიკ სასჯელს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უცხოურ ფილმს ნახავენ, უცხოური სტილის ტანსაცმელს ჩაიცვამენ, ან თუნდაც ჟარგონს გამოიყენებენ.

BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ ე.წ. „რეაქციული აზროვნების“ წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული კანონით, ყველას, ვისაც გამოიჭერენ, რომ სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ახალი ამბებისა და ფილმების „კონტრაბანდას ეწევა“, სიკვდილით დასჯა ემუქრება. მათ კი, ვისაც ასეთი პროდუქტების ყურებაში გამოიჭერენ, 15 წლიან პატიმრობას მიუსჯიან.

კანონი არ ეხება მხოლოდ იმას, რასაც ხალხი უყურებს. ცოტა ხნის წინ, კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო მედიაში წერილი გამოაქვეყნდა, სადაც ქვეყნის ახალგაზრდულ ლიგას მოუწოდებს, ახალგაზრდებში "არასასურველ, ინდივიდუალისტურ, ანტისოციალისტურ ქცევას" დაუპირისპირდნენ. მას სურს შეაჩეროს უცხოური საუბარი, ვარცხნილობისა და ჩაცმის სტილი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი "საშიშ შხამებს" უწოდებს.

სამხრეთ კორეულმა ონლაინ გამოცემამ, Daily NK-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი თინეიჯერი გადასამზადებელ ბანაკში გაგზავნეს იმისთვის, რომ თმა თავიანთი რჩეული სამხრეთ კორეელი პოპ მუსიკოსების მსგავსად შეიჭრეს და კოჭის ზემოთ აკეცილი შარვლები ჩაიცვეს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღისა და რაკეტების გარეშე ომი გააჩაღა. მისი მიზანია, შეაჩეროს გარესამყაროდან ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობამდე ინფორმაციის მიღწევა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო რთულდება და მილიონობით ადამიანს შიმშილობა ემუქრება.

myquiz