"მე მოვკალი ჯონ ლენონი, ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნება" - როგორ იქცა "ბიტლზის" თაყვანისმცემელი თავისი კუმირის მკვლელად | Allnews.Ge

"მე მოვკალი ჯონ ლენონი, ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნება" - როგორ იქცა "ბიტლზის" თაყვანისმცემელი თავისი კუმირის მკვლელად

1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე პრემიუმკლასის ფეშენებელური საცხოვრებელი სახლის, "დაკოტას" სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს ხუთი ტყვია დაახალეს.

მარკ დევიდ ჩეპმენმა სიცოცხლეს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი გამოასალმა. ლენონის გარდაცვალებამ შეძრა მსოფლიო, სხვადასხვა ქვეყანაში ექს-"ბიტლზის" მილიონობით თაყვანისმცემელი თავზარდაცემული იყო. არადა, 1980 წელი ლენონის შემოქმედებით ცხოვრებაში შემობრუნების წერტილი უნდა ყოფილიყო. ჩეპმენი თურმე მთელ დღეს მოთმინებით უდარაჯებდა ლენონს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ავტოგრაფი გამოართვა და მუსიკოსთან ერთად ფოტოზეც კი მოხვდა...

"ბიტლზის" დაშლამდე ერთი წლით ადრე, 1969 წელს, ჯონ ლენონი და იოკო ონო დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდნენ. 70-იანი წლების დასაწყისში ლენონმა დამოუკიდებლად ჩაწერა ათი ალბომი, თუმცა 1975 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ მომდევნო ხუთ წელიწადს მთლიანად დაუთმობდა ახალდაბადებული შვილის, შონის აღზრდას და სხვა ყველაფერს თავს დაანებებდა. ასეც მოხდა.

lennonioko-1620469897.jpg

მუსიკაში თითქმის ხუთწლიანი შესვენებისა და კარჩაკეტილი ცხოვრების შემდეგ, 1980 წლის დასაწყისში, დაპირებისამებრ, ლენონი კვლავ დაბრუნდა ხმის ჩამწერ სტუდიაში და შეუდგა ახალ ალბომზე მუშაობას. Double Fantasy მისი ხუთი წლის ვაჟს ეძღვნებოდა. ალბომმა კრიტიკოსთა და თაყვანისმცემელთა მოწონებაც დაიმსახურა, ხოლო "ბიტლზის" თაყვანისმცემლებს ჯგუფის აღდგენის იმედი დაუბრუნა.

1980 წლის 9 ოქტომბერს ლენონს ორმოცი წელი შეუსრულდა. ამ ასაკისთვის მან ხალხს თავი დაამახსოვრა "ბიტლზთან" ერთად გატარებული წლებით, 60-იანების მიწურულსა და 70-იანების დასაწყისში აქტიური პაციფისტური მოღვაწეობით, რომლის გამოც მას რამდენიმე ხნით აშშ-ში ჩასვლაც კი აეკრძალა. ლენონი მსოფლიო აღიარების მქონე მუსიკოსი იყო. მისი ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს არაფერი მოასწავებდა.

ნიუ-იორკში დამკვიდრებული ლენონი მუშაობდა ახალი სიმღერების ჩაწერაზე, დადიოდა სტუდიაში და არც თაყვანისმცემლებთან კონტაქტს გაურბოდა. ათასობით ადამიანის კერპი ადვილად სანახავი იყო. სამწუხაროდ, მის სახლთან შეკრებილ ასობით ადამიანს შორის ერთი ადამიანის სახე ვერავინ შენიშნა. მათ შორის, ვერც ლენონმა, რომელიც გარშემო მხოლოდ მოღიმარ სახეებს ხედავდა. ეს მარკ დევიდ ჩეპმენი გახლდათ. პოპულარობას მოწყურებული პატარა ადამიანი მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ მომენტს.

davidchapman-1620470777.jpg

რევოლვერით შეიარაღებული ჩეპმენი "დაკოტას" სიახლოვეს ტრიალებდა, სადაც მუსიკოსისა და "ბიტლზის" თაყვანისმცემლები ირეოდნენ. 8 დეკემბერს, მკვლელობამდე დაახლოებით ექვსი საათით ადრე, ლენონს ფანებთან ერთად 21 წლის გამოუცდელი ფოტოგრაფი პოლ გორეში ელოდებოდა. ლენონთან მიახლოების საბაბი რომ ჰქონოდა, ჩემპენმა შეიძინა ალბომი Double Fantasy და ავტოგრაფის აღების მომიზეზებით, დახმარებისთვის პოლ გორეშს მიმართა, რომელსაც ლენონის თავგადაკლულ ფანად წარუდგა.

ფოტოგრაფს ჩეპმენმა ლენონთან ერთად ფოტოს გადაღებისთვის 50 დოლარი გადაუხადა. გორეში ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წუთი აშორებდა ისტორიული ფოტოს გადაღებას. 1980 წლის 8 დეკემბერს გადაღებულმა ფოტომ მისი ცხოვრება ორ პერიოდად გაყო - "მანამდე" და "მას შემდეგ". სიცოცხლის ბოლომდე (გორეში გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, 2018 წელს) ამ ფოტოს გამო ყურადღების ცენტრში იყო.

ლენონს უყვარდა თავისი ფანები და ჩეპმენის სურვილი სულაც არ იყო განუხორციელებელი. როცა ლენონი სახლიდან გამოვიდა და გორეშმა ექს-"ბიტლს" ახლო რაკურსიდან ფოტო გადაუღო. სურათზე აღიბეჭდა ლენონის მიერ Double Fantasy-ის იმ ალბომზე ხელმოწერა, რომელიც ჩეპმენმა მიაწოდა. ლენონის მომავალი მკვლელი ფოკუსს მიღმაა, თუმცა უკანა პლანზე ჩანს. ამ ფოტოს გადაღებიდან ხუთი საათის შემდეგ საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ ჯონ ლენონი მოკლეს.

johnlennon-1620469399.jpg

"დეილი ნიუსმა" უნიკალურ ფოტოში 10.000 დოლარი გადაიხადა. ეს იყო ერთადერთი ფოტო, რომელზეც ერთად იყვნენ ლენონი და მისი მკვლელი და უკანასკნელი ფოტო, რომელზეც მუსიკოსი ჯერ კიდევ ცოცხალია. გორეში შემდგომში იხსენებდა, რომ "დაკოტასთან" ჩეპმენს უცნაური ვერავინ ვერაფერი შეატყო და მისგან რამე ხიფათს არავინ ელოდა. ფოტოგრაფმა მკვლელი სკოლის ეზოში მოთამაშე ბავშვსაც კი შეადარა. გორეშის თქმით, ჩეპმენი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სულის ერთი შებერვით წააქცევდა კაცი.

"ყოველთვის მინდოდა, გავმხდარიყავი ბიტლი"

8 დეკემბრის ლენონისთვის ჩვეულებრივი დღე იყო. დილის ათი საათისთვის ის და იოკო ჟურნალისტებს საკუთარ ბინაში ინტერვიუს აძლევდნენ. შემდეგ იქვე მოეწყო ფოტოსესია ჟურნალ "როლინგ სტოუნზისთვის". დასვენების შემდეგ, ხუთი საათისთვის წყვილი სტუდია "რეკორდ პლანტისკენ" გაემგზავრა, რათა განეგრძოთ მუშაობა სიმღერაზე Walking on Thin Ice. სახლთან ჩასულებს მანქანის ლოდინმა მოუწიათ. ამით ისარგებლეს ფანებმა და ლენონმაც არავის უთხრა უარი. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა ლენონს ახალგაზრდა მამაკაცი, მან მუსიკოსს ალბომი Double Fantasy და კალამი მიაწოდა, ლენონმა გაიღიმა და საკუთარი ბოლო ალბომის გარეკანზე წაუწერა: John Lennon, December 1980 ("ჯონ ლენონი, 1980").

ლენონის მკვლელობიდან სამი წლისთავზე, ატიკას გამოსასწორებელ დაწესებულებაში (ნიუ-იორკის შტატი) მყოფი ჩეპმენი, რამდენიმე უარის შემდეგ, ბოლოს მაინც დათანხმდა ინტერვიუზე ჟურნალისტ ჯეიმს გეინსს.

"როცა მანქანა გაჩერდა და იოკო გადმოვიდა, ჩემს ცნობიერებაში მკაფიოდ მესმოდა სიტყვები: - გააკეთე ეს! გააკეთე ეს! გააკეთე ეს!" - იხსენებდა ჩეპმენი 8 დეკემბრის ღამეს.

"მე მოვკალი ჯონ ლენონი და ის ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. ვფიქრობ, ჩემს თაობაში ის ყველასთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო", - გეინსისა და ყველას გასაოცრად, ჩეპმენმა აღიარა, რომ დეკატურში (ჯორჯიის შტატი) გატარებული ბავშვობის წლებში ის "ბიტლზის" ფანი იყო. "ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი ბიტლი, ყოველთვის ვფიქრობდი, ნეტავ როგორია იყო ბიტლი?" - ამბობდა იგი.

- მარკ, როგორ გრძნობდი თავს ლენონთან შეხვედრისას? - ჰკითხა გეინსმა ინტერვიუს დროს.

- ძალიან აღელვებული ვიყავი მასთან შეხვედრით..." - იმ მომენტში ის უბრალო ფანატი იყო, - განმარტა მოგვიანებით გეინსმა.

ალბომზე ხელმოწერის შემდეგ, ჩეპმენი ლენონის სახლთან დარჩა და წყვილის დაბრუნებას დაელოდა. ჯონ ლენონი "დაკოტასთან" 22:30 საათზე გამოჩნდა... შემდეგ გაისმა ხუთი გასროლა, საიდანაც ოთხი ლენონს მოხვდა.

"შეჩერება აღარ შემეძლო"

25 წლის ტექსასელი ჩეპმენი, ბავშვობიდან ბიტლომანი, აგროვებდა მათ ფირფიტებს, პოსტერებს, ცდილობდა "ბიტლზებს" ჩაცმულობითა და ვარცხნილობით დამსგავსებოდა, გიტარაზეც უკრავდა სკოლის როკჯგუფში. 15 წლის იყო მარკი, როცა ჯგუფი დაიშალა. ლივერპულელთა ოთხეულში ჩეპმენი ლენონს თავიდანვე გამოარჩევდა. მისი სკოლის მეგობარი მაილზ მაკმანუსი იხსენებდა, რომ ჩეპმენი ძალიან გაბრაზდა ლენონზე, როცა შეიტყო, რომ მუსიკოსმა 1966 წელს ინტერვიუში განაცხადა: "ბიტლზი" ქრისტეზე მეტად პოპულარულია".

beatles-1620470878.jpg

ჩეპმენმა, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმა, "ბიტლზის" ალბომები გაანადგურა და თითქოს ისიც უთქვამს, რომ შეცვალა სიმღერა Imagine-ის ("წარმოიდგინე") სიტყვები - Imagine Imagine if John were dead ("წარმოიდგინე, ჯონი რომ მკვდარი იყოს").სკოლის დასრულების შემდეგ ჩემპენი შეიცვალა. თმა მოკლედ შეიჭრა, იცვამდა სადა, მკაცრ ტანისამოსს, გაიტაცა ბიბლიის შესწავლამ, დაუახლოვდა პრესვიტერიანულ ეკლესიას, მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა ქრისტიანთა საზოგადოებაში. უარყოფითი მიმართულებით იცვლებოდა მისი დამოკიდებულება ლენონისადმი

ჰავაიში საცხოვრებლად გადასულ ჩეპმენს დეპრესია გაუმწვავდა და 1977 წელს თვითმკვლელობა სცადა. ჰონოლულუში, კასლის სამედიცინო ცენტრში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, იგი იქვე დასაქმდა და გაიცნო მომავალი მეუღლე გლორია ეიბი, რომელიც საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა. 1979 წელს ისინი დაქორწინდნენ.

გეინსთან ინტერვიუში ჩეპმენი იხსენებდა, რომ მოჩვენებითი სტაბილურობისა და სიმშვიდის მიღმა, იგი თავის დემონებს ვერ გაექცა. 1985 წლის ინტერვიუში გლორიამ გაამხილა, რომ ჩეპმენი განქორწინებაზეც ფიქრობდა და ჰავაიზე თანაცხოვრების ხანმოკლე დროის განმავლობაში ქმარი მასზე ძალადობდა კიდეც. ჩეპმენი საცხოვრებელი კორპუსის დაცვაში დასაქმდა და ადგილობრივ ბიბლიოთეკაში დადიოდა. იქ მან იპოვა ორი წიგნი, რომლებმაც დრამატულად შეცვალა მისი ცხოვრება.

პირველი იყო ენტონი ფოსეტის "ჯონ ლენონი: ერთი დღე", მისი წაკითხვის შემდეგ ჩეპმენის "ბიტლზით" შეპყრობილობა საბოლოოდ გადაიზარდა ლენონისადმი სიძულვილში. თუმცა წიგნი, რომელმაც რეალურად მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა მის განწყობაზე, აღმოჩნდა ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" და მისი მთავარი გმირი ჰოლდენ კოულფილდი.

"მე რეალურად ვაიგივებდი საკუთარ თავს მასთან, - იხსენებდა ჩეპმენი, - მისი მძიმე ხვედრითა და მდგომარეობით, მარტოსულობით, მისი გაუცხოებით საზოგადოებისგან". ფოსეტის წიგნმა კი ბოლო წვეთის როლი შეასრულა, ლენონი მისთვის იყო თვალთმაქცი და შოუმენი, რომელიც მხარს უჭერდა ღირებულებებს, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში არ იცავდა. 1980 წლის შემოდგომაზე, როცა ჩეპმენმა ლენონის მკვლელობაზე ფიქრი აიკვიატა, მისი ფსიქიკური მდგომაროება დამძიმდა. ამ პრობლემებს ჩეპმენი მის თავში არსებულ "პატარა ადამიანებს" აბრალებდა და მათ "ძლევამოსილ" და "ბოროტ" არსებებად მოიხსენიებდა. გეინსის მიხედვით, სწორედ ამავე პერიოდში დაიწყო ჩეპმენმა ლოცვა სატანისადმი, რომ ლენონის მკვლელობაში დახმარებოდა.

ფოტო: ბრიტანელებისთვის ნაცნობი ჯონ ლენონი "ბიტლზისგან" განუყოფელი იყო და 1970 წელს ჯგუფის დაშლასთან ერთად "გაქრა". "ამერიკელი" ლენონი ბრიტანელებისთვის ნაცნობი იმიჯისგან საკმაოდ განსხვავდებოდა.

ოქტომბრის ბოლოს ჩეპმენმა გადაწყვიტა, რომ მზად იყო. იგი სამსახურიდან წამოვიდა და 29 ოქტომბერს ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა 38-კალიბრიანი რევოლვერით. ლენონი არ ყოფილა მისი ერთადერთი სამიზნე. ის ასევე განიხილავდა: ჯონი კარსონის (NBS-ზე სუპერპოპულარული ტოკშოუს "ამ საღამოს" წამყვანი, კომიკოსი, ჟურნალისტი და რეჟისორი), ელიზაბეთ ტეილორისა და ჯორჯ კემბელ სკოტის (ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ცნობილია გენერალ პატონის როლით ფილმში "პატონი", 1970) მკვლელობას.

ჩეპმენმა ვერ შეძლო ნიუ-იორკში ტყვიების ლეგალურად შეძენა, ამიტომაც გაემგზავრა ატლანტაში, სადაც შეხვდა თავის მეგობარს, პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ჩეპმენს ექსპანსიური ტყვიები გადასცა.ნიუ-იორკში დაბრუნებულ ჩეპმენს ერთგვარი გაორება დაეწყო და მან თითქოს ჩანაფიქრზე ხელის აღება გადაწყვიტა. ცნობილი მსახიობის, რობერტ რედფორდის სარეჟისორო დებიუტის, დრამატულ ფილმ "ჩვეულებრივი ადამიანების" ნახვის შემდეგ ჰავაიში ცოლს დაურეკა, უთხრა, რომ შინ დაბრუნებას აპირებდა და იმაშიც გამოუტყდა, თუ რის ჩადენას გეგმავდა.

გლორია ჩეპმენმა არაფერი მოიმოქმედა. მოგვიანებით მარკ ჩეპმენი გეინსს გამოუტყდა, რომ რაღაც თვალსაზრისით, ჩადენილ დანაშაულში ცოლსაც ადანაშაულებდა, რადგან მან არ შეაჩერა და გადარწმუნება არ სცადა. "იგი არავისთან წასულა, თუნდაც პოლიციაში, რომ ეთქვა: "მისმინეთ, ჩემმა ქმარმა შეიძინა იარაღი და მითხრა, რომ ჯონ ლენონის მოკვლას აპირებდა".

chapmans-1620471025.jpg

ჰავაიში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ ჩეპმენს აკვიატება არ ეშვებოდა და მან გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ნიუ-იორკში დაბრუნებულიყო. მას შემდეგ, რაც "გეგმა ამოქმედდა, მე აღარ შემეძლო გავჩერებულიყავი", - განმარტავდა ჩეპმენი. ნიუ-იორკში იგი დეკემბრის პირველი კვირის ბოლოს დაბრუნდა და უკვე მზად იყო მკვლელობის ჩასადენად.

"ყველა პრობლემის გადაწყვეტას ველოდი"მანქანას, რომლითაც ჯონი და იოკო მგზავრობდნენ, შეეძლო "დაკოტას" დაცულ ეზოში შესვლა, სადაც უცხო პირები ვერ მოხვდებოდნენ, თუმცა ლენონმა მძღოლს მანამდე სთხოვა გაჩერება. ის არავითარ საფრთხეს არ გრძნობდა.

იოკო ქმარზე ოდნავ წინ მიდიოდა. სახლთან მიახლოებული ლენონი ჩასაფრებული ჩეპმენის გასწვრივ აღმოჩნდა. მუსიკოსმა მას თვალი შეავლო და სიარული განაგრძო. წყვილი სახლის თაღს უახლოვდებოდა, როცა ჩეპმენმა რევოლვერი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. მას "ჩაესმოდა ხმა..." იარაღი, ხელთ ეპყრა მის წინ კი ლენონი და ონო იყვნენ.

მარკ დევიდ ჩეპმენმა ზუსტად იცოდა, რის გაკეთებასაც აპირებდა. მკვლელმა ხუთჯერ გაისროლა. ორი ტყვია მუსიკოსის ზურგის მარცხენა მხარეს მოხვდა, ორიც მარჯვენა მხარში. ჩეპმენი ექსპანსიური ტყვიით ისროდა. ამ ტიპის სპეციალური კონსტრუქციის ტყვია რბილ ქსოვილებში მოხვედრისას ფართოვდება, დიამეტრის გაზრდა კი სხეულს მაქსიმალურად აზიანებს. მძიმედ დაჭრილმა ლენონმა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო, რის შემდეგაც იოკოს უთხრა "მე დამჭრეს" და ძირს დაეცა, სტუდიაში ჩაწერილი კასეტები კი ხელიდან გაუვარდა. ერთ-ერთი შვეიცარი ჩეპმენს მივარდა და რევოლვერი გააგდებინა, თუმცა არც მკვლელი შეწინააღმდეგებია, შეკითხვას - ესმის კი, რა ჩაიდინა? - მან მშვიდად უპასუხა: "დიახ, მე ახლახან ვესროლე ჯონ ლენონს".

"გავშეშდი, გაშეშებული ვიდექი, იარაღი კი კვლავ ჩემთან იყო, ჩემს ხელში", - იგონებდა ჩეპმენი.

ის ტროტუარზე ჩამოჯდა. არც უცდია გაქცევა ან დამალვა. მეორე შვეიცარი ამასობაში ლენონისთვის პირველი დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ჩეპმენი დააკავეს, ხოლო პოლიციელთა მეორე ეკიპაჟი ლენონის დახმარებას შეცადა. მუსიკოსის ბედს უკვე წამები წყვეტდა.

პოლიციელებმა ლენონი 800 მეტრში მდებარე მაუნტ საინაი რუზველტის ჰოსპიტალში წაიყვანეს. ლენონი მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინეს, საავადმყოფომდე მისვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში ლენონთან საუბარს ცდილობდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა შესამჩნევად და სწრაფად მძიმდებოდა. საოპერაციო მაგიდაზე ლენონი უკვე არც სუნთქავდა და არც პულსი ესინჯებოდა. გამოცდილი ექიმები ოცი წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მის რეანიმაციას, მაგრამ ლენონის გადარჩენა მათ ძალებს აღემატებოდა... წაიკითხეთ ვრცლად

myquiz