მსოფლიო შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს - რა საფრთხე ემუქრებათ ბანანის ხეებს? | Allnews.Ge

მსოფლიო შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს - რა საფრთხე ემუქრებათ ბანანის ხეებს?

Tropical Race 4 (TR4) ნიადაგის სოკოს დაავადება, რომელიც ყველაზე გაყიდვად Cavendish-ის ჯიშის ბანანს სრული განადგურებით ემუქრება, უკვე ვენესუელაშიც გამოჩნდა. ამის შესახებ გავლენიანი პორტალი Americanfruit და ადგილობრივი მედია იუწყება. მართალია, ვენესუელას ხელისუფლებას ეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს, რომ ბანანის პლანტაციებზე სავალალო მდგომარეობაა.

East-fruit-ის ინფორმაციით, ვენესუელაში TR4 შტამის გაჩენით ბანანის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნის, ეკვადორის ირგვლივ წრე შეიკრა. ვენესუელამდე TR4 ჯერ კოლუმბიასა და ჰონდურასში გაჩნდა, სადაც ბანანის პლანტაციები დაიკეტა კიდეც, მიმდინარე თვეში კი სოკოს ამ დაავადების არსებობა ეკვადორის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პერუში დაადასტურეს. თავად ეკვადორში ნიადაგის სოკოს დაავადების კერების გაჩენაზე ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 6,5 მლნ ტონა ბანანის ექსპორტს ეწევა.

ეკვადორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბანანის უმსხვილესი მიმწოდებელია. პანდემიის გამო 2020 წელს ეკვადორის ეკონომიკა 8%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას წინ უსწრებდა 2019 წლის სოციალური გამოსვლები, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყნის დედაქალაქი სხვაგან გადაეტანა. ამას თან დაერთო შარშან, სექტემბერში მომხდარი, შემდეგ კი გასულ თვეში გამეორებული სანგაის ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც ეკვადორული ბანანის ხარისხსა და მის ექსპორტს სერიოზული დარტყმა მიაყენა. სწორედ ამიტომ ბანანი, შარშანდელ ფასებთან შედარებით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირებულია.

TR4 სოკოს აგრესიული დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება. მისი მოსპობის საშუალებები ჯერ არ არსებობს და მას ვერც შხამ-ქიმიკატები ვერ ერევა. აღსანიშნავია, რომ ხილის ხელახლა მოსაყვანად დაავადებული ფართობის გამოყენება 30-40 წლის განმავლობაში არ შეიძლება. ექსპერტების შეფასებით, Tropical Race 4 ნიადაგის სოკოს გავრცელებამ შესაძლოა, გენმოდიფიცირებული ბანანის დაჩქარებულად გამოყვანა და დანერგვა აუცილებელი გახადოს, რადგან პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვების გარეშე დარჩება. ბანანი მცირე და ულტრამცირე მოხმარების ქვეყნებშიც კი ყველაზე გაყიდვადი ხილია. ბანანის მოშენება ტრადიციული სელექციით არ ხდება, რადგან ის ტრიპლოიდურ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება და თესლს არ იძლევა, გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის შემუშავებას კი დრო სჭირდება. თუმცა აპრილის დასაწყისში გერმანული გაზეთი Die Welt წერდა, რომ ავსტრალიელმა ბიოტექნოლოგმა ჯეიმს დეილმა Cavendish-ის ბანანის გენმოდიფიცირებული სახეობა შექმნა, რომელიც TR4 სოკოზე არ რეაგირებს და დაავადების საფრთხე არ ემუქრება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz