"ზოგჯერ ახალგაზრდასა და მოხუცს შორის აკეთებენ არჩევანს, რომელს დაუდგან ჟანგბადის აპარატი" - რას ყვება ინდოეთში შექმნილ ვითარებაზე იქ მცხოვრები ქართველი | Allnews.Ge

"ზოგჯერ ახალგაზრდასა და მოხუცს შორის აკეთებენ არჩევანს, რომელს დაუდგან ჟანგბადის აპარატი" - რას ყვება ინდოეთში შექმნილ ვითარებაზე იქ მცხოვრები ქართველი

ახალი საფრთხე, რომელიც მსოფლიოს ამჯერად ინდოეთიდან ემუქრება, კორონავირუსის ახალი, ე.წ. ინდური შტამია. ის თავდაპირველად ინდოეთის ერთ-ერთ რაიონში გავრცელდა, მალე კი მთელ ქვეყანას მოედო. სამი კვირაა, რაც ინდოეთი სრულად ჩაიკეტა. ბოლო ოთხ დღეში კი, ქვეყანას 1 მილიონი ინფიცირებული ჰყავს.

  • ინდური შტამი აქამდე ცნობილი სამი შტამის - ბრიტანულის, სამხრეთ აფრიკულისა და ბრაზილიურის მუტირებული სახეობაა. ის ისეთივე საშიშია ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის, როგორც მოხუცებისთვის.

თამარა ლაშაური უკვე წლებია, რაც ინდოელ მეუღლესთან ერთად, ინდოეთში ცხოვრობს. წყვილს მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში თამარა ყვება, რომ ქვეყანა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ხალხი ინდოეთში სპეციალური ჟანგბადის აპარატის საჭირო რაოდენობა უბრალოდ აღარ არსებობს, ამის გამო კი, პაციენტებს ჟანგბადს ვერ აწვდიან და შედეგად, ადამიანები იღუპებიან.

- ნიუ დელიში ვცხოვრობ, ბოლო ორი კვირაა ძალიან გართულდა ჩვენთან მდგომარეობა. ყველაფერი დაკეტილია, გადაადგილება მხოლოდ საკუთარი სკუტერითა და მანქანით არის შესაძლებელი. პირადი მოხმარების საგნებზე, საოჯახო ნივთებსა და სასმელ-საჭმლის ყიდვაზე არ გვაქვს პრობლემა, ყველაფრის გამოძახებაა შესაძლებელი. ძალიან რთულია ისევ ყველაფერის ჩაკეტვა, 2 წლის ბავშვი მყავს და სახლში ძლივს ვაჩერებ.

ოჯახებში დამხმარეები ისევ მუშაობენ, ადრე ესეც შეზღუდული იყო. ალბათ გახსოვთ, ინდოეთში გადაღებული ვიდეოები რომ ვრცელდებოდა, როგორ ყრტყამდა პოლიცია კანონდამრღვევებს, ახლა ასე არ არის. ამბობენ, რომ მთელი მაისი ისევ ჩაკეტილები ვიქნებით.

- მედიაში ინდოეთიდან ძალიან მძიმე ფოტოები ვრცელდება, კრემატორიუმები გადატვირთულია....

- დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, პრობლემა ისაა, რომ ჟანგბადის აპარატების ნაკლებობაა სავადმყოფოებში, ადგილებიც არ არის პაციენტები რომ მოათავსონ. საოცრება ხდება სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე, ინტერნეტის საშუალებით ვავრცელებთ ინფორმაციას, ვის სჭირდება სისხლის გადასხმა, ვეძებთ დონორებს, ჟანგბადის აპარატებს...

ჩვენთან შეზღუდვებს არავინ აპროტესტებს, რადგან ყველამ იცის რა ვითარებაა და თავადვე ურჩევნიათ დარჩნენ სახლებში. რაც შეეხება რიგებს კრემატორიუმებში, დიახ, ვერ ასწრებენ, იმდენი სხეულია დასაწვავი. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ახალი მუტირებული ვირუსი ახალგაზრდებს და ბავშვებსაც ერევათ, ძალიან რთულად გადააქვთ. იმდენი ბავშვია უკვე ინფიცირებული, რომ მთავრობამ პარკებიც დაკეტა, სადაც ბავშვებს ვასეირნებდით. ადრე, ჩვეულებრივი კორონავირუსის დროს, ასე არ იყო.

- ბოლო ერთ თვეში გართულდა მდგომარეობა?

- დიახ, მანამდე ქვეყანა გახსნილი იყო. რამდენიმე თვე ყველაფერი მუშაობდა, მეც მაკიაჟის შემსწვალელ კურსებზე დავიწყე სიარული. უცებ იფეთქა ახალმა შტამმა. თავიდან ვერ ვიჯერებდით, რომ ეს მართლა ხდებოდა. ჟანგბადი არ არის საკმარისი, რომ ადამიანები გადარჩნენ. ინფიცირების რაოდენობა ასეთი მაღალი რომ არ იყოს და ასევე ჟანგბადი ჰქონდეთ საავადმყოფოებს, ჩემი აზრით, უფრო მარტივად გადარჩებოდნენ ადამიანები.

იმ დღეს ჩემი მეგობარი მიყვებოდა, არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდასა და მოხუცს შორის აკეთებენ არჩევანს, თუ რომელს დაუდგან ჟანგბადის აპარატი. მოსაყოლადაც კი ძალიან მძიმეა.

- ალბათ მოსახლეობაში სერიოზული პანიკაა...

- დიახ, თუმცა ადამიანები ყველანაირად ცდილობენ გადაარჩინონ ერთმანეთი. ჩემს ერთ მეგობარს ჟანგბადის აპარატის არქონის გამო დედა დაეღუპა, ახლა თავად ცდილობს რომ შეიძინოს ორი მაინც, ამბობს, რომ არ უნდა გადაიტანონ იგივე სხვებმა, რასაც დედამისმა ვერ გაუძლო. ფიქრობს, ასე იქნებ ორი სიცოცხლე მაინც გადააარჩინოს.

 

- თამარა, ვაქცინაციის კუთხით რა ხდება ინდოეთში, იცრება მოსახლეობა?

- აცრა ჩვენთან ნებაყოფლობითია და რიგები დგას საავადმყოფოებთან. არ აქვთ უნდობლობა ვაქცინებისადმი, არ აპროტესტებენ. თუმცა ინდოეთში ვაქცინა 45 წლიდან არის უფასო, სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ მოსახლეობა ბევრია და დიდ დროს მოითხოვს. 45 წლამდე ადამიანები თავად იხდიან ვაქცინაციის საფასურს. არსებობს ჯგუფები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და სპეციალურ პროგრამაში არიან, მათთვისაც უფასოა, ან 150 რუპიას იხდიან, რაც 5-6 ლარამდეა.

- თქვენმა ახლობელმა ხომ არ გადაიტანა ვინმემ მუტირებული კორონავირუსი?

- არა, ჩემს უბანში ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ მეგობარი ცხოვრობს სხვა რაიონში და მის მეზობლად ხუთ ოჯახს აქვს დადასტურებული. ამიტომ, მეზობლები გარეთ არ გამოდიან თუ განსაკუთრებული საჭიროება არ აქვთ. მე არავისთან ვკონტაქტობ, რადგან ორი წლის შვილი მყავს. ჩვენ სახლთან ახლოს პარკია, მაგრამ დაკეტილია. ვცდილობ საღამოობით, 15 წუთით მაინც მოვახერხო ბავშვის გასეირნება. სკოლები და ბაღები არ მუშაობს...

საქართველოში დიდი ხანია რა ვყოფილვარ... რაც პანდემია დაიწყო... ძალიან მომენატრა ჩემიანები, მაგრამ ალბათ ფრენაც დაიკეტება და ჯერჯერობით ვერ ჩამოვალ.

ambebi.ge