პლანეტის მოსახლეობის 2/3 აზიელი იქნება- როგორია გაეროს პროგნოზი 2050 წლისთვის? | Allnews.Ge

პლანეტის მოსახლეობის 2/3 აზიელი იქნება- როგორია გაეროს პროგნოზი 2050 წლისთვის?

გაეროს მოსახლეობის ფონდის ( United Nations Population Fund - UNPF) წლევანდელი მონაცემებით, საქართველოში 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს. აქედან 14 წლამდე ასაკის 20,3%-ია, 15-დან 64 წლამდე ასაკის - 64,1%, 64-ს ზევით კი - 15,6%. საქართველოს მოსახლეობის ცვლილების საშუალოწლიური მაჩვენებელი - მინუს 0,2%-ია. ამასთან, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მამაკაცებში 70, ქალებში კი 78 წელია.

2021 წელს მსოფლიო მოსახლეობა 7,875 მილიარდ ადამიანს წარმოადგენს. აქედან, 14 წლამდე - 25,3%-ია, 15-დან 64 წლამდე - 65,1%, ხოლო 65 წლის ზევით - 9,6%. 2015-2020 წლებში მოსახლეობის ცვლილების საშუალოწლიური მაჩვენებელი 1,1%-ია.

1950 წელს, გაეროს დაარსებიდან 5 წელში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2,6 მლრდ ადამიანი იყო. 1987 წელს მოსახლეობა 5 მლრდ-მდე, 1999 წლის ბოლოსთვის კი 6 მლრდ-მდე გაიზარდა. 2011 წლის მდგომარეობით, მსოფლიო მოსახლეობა 7 მლრდ ადამიანს შეადგენდა. პროგნოზების თანახმად, მომავალ 30 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა 2 მლრდ ადამიანით გაიზრდება და 2050 წელს 9,7 მლრდ გახდება, 2100 წლისთვის კი - 11 მლრდი. ასეთი სწრაფი ზრდა მეტწილად განპირობებულია რეპროდუქციულ ასაკამდე მიღწეული ადამიანების მატებით, აგრეთვე, ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა გაზრდილი ნაყოფიერების მაჩვენებელი, მზარდი ურბანიზაცია და მიგრაცია. ეს ტენდენციები მომავალი თაობებისთვის გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

მსოფლიო მოსახლეობა რეგიონებზე შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 61% (4,7 მლრდ) აზიაში ცხოვრობს, 17% (1,3 მლრდ) - აფრიკაში, 10% (750 მლნ) - ევროპაში, 8% (650 მლნ) ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში, 5% (370 მლნ) - ჩრდილოამერიკაში და 43 მლნ ოკეანის ქვეყნებში.

ჩინეთი და ინდოეთი, 1,44 და 1,39-მილიარდიანი, მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყნებია. მათი წილი მსოფლიო მოსახლეობაზე 19% და 18%-ია. პროგნოზის თანახმად, 2027 წელს ინდოეთი ჩინეთს გადაუსწრებს და მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს. 2050 წლამდე ჩინეთის მოსახლხეობა 31,1 მლნ ადამიანით შემცირდება, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2,2% იქნება. განაგრძეთ კითხვა