რა უთხრა პრინცმა ფილიპემ ბარაკ ობამას რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ - ზურაბ მეძველია ჰერცოგის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორიებით | Allnews.Ge

რა უთხრა პრინცმა ფილიპემ ბარაკ ობამას რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ - ზურაბ მეძველია ჰერცოგის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორიებით

ედიბურგის ჰერცოგი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს გაუარესებული იყო და ის კვირების განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული. თუმცა რამდენიმე დღის წინ კლინიკიდან გაწერეს და სასახლეს დაუბრუნდა და ოფიციალური განცხადების თანახმად, ის თავს კარგად გრძნობდა.

დედოფალ ელისაბედთან მას 73-წლიანი ქორწინება აკავშირებდა და ბრიტანეთის მონარქიის ერთ-ერთი ყველაზე პრივილეგირებული წევრი და სამეფო ოჯახის სახე იყო. დედოფალ ელისაბედთან დაქორწინებამდე მას საბერძნეთისა და დანიის პრინცის ტიტული ჰქონდა. დიდი ბრიტანეთის დედოფალზე 1947 წელს იქორწინა. დედოფალ ელისაბედსა და პრინც ფილიპს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავთ.

ქართველი ჟურნალისტი, გაზეთ “სარბიელის” ყოფილი მთავარი რედაქტორი, ზურაბ მეძველია პრინცის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებსა და მის გამონათქვამებს იხსენებს:

"ორ თვეში 100 წლის გახდებოდა. დღეს გარდაიცვალა. პრინცი ფილიპ მაუნტბატენი, ედინბურგის ჰერცოგი და 74 წელი დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე.

რაღაცნაირად ჩემიანი იყო - ისეთ მომენტებშიც ხუმრობდა და ენაკვიმატობდა, საზოგადოდ უადგილო რომ ეთქმის. თან არაპოლიტკორექტულად. ბრიტანეთში ახალი ჩასული ვიყავი, როცა პრინცმა ინდოელებზე იხუმრა რაღაც და ატყდა ერთი ამბავი, ისევ რასისტულად იხუმრაო. ჰოდა იმ ამბის ერთი კარიკატურა მახსოვს - ზის დედოფალი ბუკინგემში, შემორბის პრინცი, რომელსაც ტრაკში ისრები აქვს გარჭობილი და ელისაბედი ეუბნება - ხომ გაფრთხილებდი, უნდა დააზუსტო ხოლმე, რომელ Indians გულისხმობდიო.

რა არის ის მთავარი, რამაც აქამდე მოიყვანა თქვენი ურთიერთობაო, ჰკითხეს ერთხელ და პრინცმა დაუფიქრებლად უპასუხა, დღემდე შეგვიძლია ერთმანეთი ვაცინოთო.

მოკლედ, RIP Prince Philip, Duke of Edinburgh და აგერ ნაუცბათევად ამოკრეფილი მისი გამონათქვამები:

1967-ში ჰკითხეს, საბჭოთა კავშირის მონახულება თუ გინდათო. კი, ძალიან, მაგრამ მაგ ნაბიჭვრებმა ნახევარი ჩემი ოჯახი ამოწყვიტესო. თქვენ შუბებს ერთმანეთს კიდევ ესვრით?(ავსტრალიელ აბორიგენებთან შეხვედრისას). ობამამ უთხრა, ბრიტანეთის, რუსეთის და ჩინეთის ლიდერებს შევხვდიო. და თქვენ მაგათ ერთმანეთისგან ანსხვავებთ? - ჰკითხა ჰერცოგმა. როდის ავა ჩარლზი ტახტზე? - ჰკითხეს. ანუ მეკითხებით, აპირებს თუ არა გარდაცვალებას ჩემი მეუღლე? - საპასუხოდ ჰკითხა ჰერცოგმა.

1974-ში ვიღაც ტიპმა მათი შვილის, პრინცესა ანას გატაცება და გამოსასყიდის, 2 მილიონი გირვანქის მოთხოვნა დააპირა. 11-ჯერ ისროლა, დაჭრა ორი პოლიციელი და მძღოლი და ანას უბრძანა მანქანიდან გადმოსულიყო. ჩემს ფეხებს გადმოვალ - პრინცესა შეუვალი იყო. ამაზე ფილიპმა თქვა - კიდევ კარგი, თორემ ის ტიპი ნამდვილად გააფრენდა, სანამ ანა მძევლად ეყოლებოდა. მრავალფეროვნებისთვის სასიამოვნოა იმ ქვეყნის მონახულებაც, სადაც ხალხს არავითარი ძალაუფლება არ აქვს. (პარაგვაის დიქტატორ ალფრედო სტრესნერთან შეხვედრისას).

ჩინელები სიამოვნებით ჭამენ ყველაფერს, რასაც ოთხი ფეხი აქვს (სკამის გარდა), რაც დაფრინავს (თვითმფრინავის გარდა) და რაც დაცურავს (წყალქვეშა ნავის გარდა). როგორ აიძულებთ ამ ხალხს, იმდენი ხანი არ დალიონ, მართვის მოწმობის გამოცდა რომ ჩააბარონ?(მანქანის მართვის შოტლანდიელ ინსტრუქტორთან საუბრისას).

დედოფალთან მიღებაზე ნიგერიის პრეზიდენტი ოლუსეგუნ ობასანჯო თავისი ქვეყნის ტრადიციულ სამოსში მივიდა. ისე გამოწყობილხართ, თითქოს დასაძინებლად მოხვედით - უთხრა ჰერცოგმა. თქვენ აქ რას აკეთებთ - ჰკითხა ჰერცოგმა "ინდეპენდენტის" მთავარ რედაქტორს ბუკინგემის სასახლეში წვეულებისას. მე მომიწვიეს, სერ - იყო პასუხი. გასაგებია, მაგრამ მოსვლა აუცილებელი არ იყო" - წერს მეძველია.