ვინ არის მეზღვაური ქალი, რომელსაც სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვა დააბრალეს - "შოკში ვიყავი...შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ქალი ვარ" | Allnews.Ge

ვინ არის მეზღვაური ქალი, რომელსაც სუეცის არხში გიგანტური გემის გაჭედვა დააბრალეს - "შოკში ვიყავი...შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ქალი ვარ"

სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური გემის ამბავი დღეების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა გამოცემების, საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა და სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი იყო. ცხადია, ამ ამბავმა ქართველების ყურადღებაც მიიპყრო და კომენტარებში ბევრმა რჩევაც კი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოეყვანათ გაჭედილი გემი სუეცის არხიდან.

საბოლოოდ, გემის გამოყვანა შეძლეს. საინტერესო ის არის, რომ ამ ამბავმა პოპულარობა მოუტანა სულ სხვა გემის კაპიტანს, მარვა ელსელეჰდარს, რომელიც პირველი ეგვიპტელი ქალი კაპიტანია.

როგორც BBC.com წერს, იმ დროს, როდესაც სუეცის არხი გიგანტურმა გემმა ჩახერგა, მარვა ალექსანდრიაში, ასობით კილომეტრის მოშორებით იყო და გემ AIDA IV-ს განაგებდა. კაპიტანი იხსენებს, რომ როდესაც ტელეფონი შეამოწმა და ნახა, რა ხდებოდა სოციალურ ქსელში, შოკირებული იყო, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი გემის ჩახერგვაში მას სდებდა ბრალს.

 

ყალბი ამბავი, სადაც მარვას სუეცის არხის ჩაკეტვაში ადანაშაულებდნენ, განსაკუთრებით პოპულარული გახდა არაბულ სამყაროში. ელსელეჰდარი BBC-სთან ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ გაავრცელა პირველად ყალბი ინფორმაცია, ან რატომ მოიქცნენ ასე.

"შესაძლოა, სამიზნე იმიტომ გავხდი, რომ ამ სფეროში წარმატებული ქალი ვარ, ან იმიტომ, რომ ეგვიპტელი ვარ, თუმცა დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი“, - ამბობს მარვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის მსგავს რაიმეს აწყდება ინდუსტრიაში, რომელსაც ისტორიულად მამაკაცები აკონტროლებენ. ამჟამად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალები მსოფლიო მეზღვაურთა მხოლოდ 2%-ს შეადგენენ.

მარვა ამბობს, რომ მას ყოველთვის ძალიან უყვარდა ზღვა, რამაც შთააგონა, რომ მეზღვაურის პროფესია აერჩია. თავდაპირველად, საზღვაო აკადემიაში მიღებაზე უარი უთხრეს, რადგანაც მხოლოდ კაცებს იღებდნენ, ხოლო მოგვიანებით, ქალებსაც მისცეს აღნიშნული პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა.

29 წლის მარვა ამბობს, რომ სწავლის განმავლობაში ხშირად აწყდებოდა სექსისტურ დამოკიდებულებას.

"ბორტზე იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული მენტალიტეტის მამაკაცები, ამიტომ ძალიან რთული იყო თანამოაზრის პოვნა, რთული გამოწვევა იყო, ამის გადალახვა თან ისე, რომ ფსიქიკაზე გავლენა არ მოეხდინა. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ იღებენ იდეას, რომ გოგონებს შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახისგან მოშორებით, ზღვაში იმუშაონ, მაგრამ როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს, არ არის აუცილებელი ყველას თავი მოაწონო“, - ამბობს მარვა.