ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში" | Allnews.Ge

ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"

უკრაინის გენშტაბის უფროსი რუსეთიდან მომავალ მორიგ საფრთხეზე საუბრობს. რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციას ახორციელებს. რუსლან ხომჩაკის განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ და ისევ არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

წლის დასაწყისიდან არსებულ დაძაბულობას 20 უკრიანელი სამხედრო შეეწირა. უკრაინის გენშტაბის უფროსის ცნობით, სტრატეგიული "წვრთნების მზადების საფარქვეშ", მასობრივი მობილიზაცია მიმდინარეობს. დონბასში საბრძოლო ბრიგადის, პოლკებისა და მომზადების დანაყოფების გარდა, ათასობით ჯარისკაცია განთავსებული, რომლებიც რუსეთის ჯარს ადგილზე ეხმარებიან.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლელი მეზობლის მსგავს ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს. ამიტომ, ვემზადებით ყველა შესაძლო პროვოკაციისა და მტრის ქმედებებზე რეაგირებისთვის", - განაცხადა ხომჩაკმა.

პასუხად, ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ვიდეოკონფერენციისას დაძაბულობის შექმნაში ბრალი უკრაინას დასდო და კიევს მოუწოდა ანექსირებული რეგიონების რეჟიმებთან პირდაპირ დიალოგი დაეწყო.

უკრაინასთან ერთად, გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი ე.წ. ნორმანდიის ფორმატის წევრები არიან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გადასაწყვეტად შეიქმნა.

გადაიზრდება თუ არა დაძაბულობა ფართომასშტაბიან კონფლიქტში და რა მექანიზმები არსებობს ამის თავიდან ასაცილებლად, თუ ეს რუსეთის მხრიდან მორიგი კუნთების თამაშია - ამის შესახებ რუსულ-უკრაინულ მედიასა და საზოგადოებაში მსჯელობენ. tvrain.ru-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამ ფაქტს "საზღვართან ტრადიციული შესაძლო პროვოკაცია უწოდა", რაზეც ნატომ შეშფოთება გამოთქვა, ამერიკამ კი, პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვებს.

პენტაგონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადა ითხოვს, რუსეთმა შეყვიტოს საბრძოლო გადაჯგფებები, თუმცა ამის პასუხად, ის საზღვართან შეიარაღებული ძალების კონცენტრირებას აძლიერებს.

"რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში უკრაინელი ჯარისკაცების დაღუპვა ევროპაში ამერიკის უკმაყოფილებას იწვევს და ის არ დაუშვებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების სახიფათო მობილიზებას", - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის მოსაზრებით, დაძაბულობა აუცილებლად უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, თუმცა უკრაინელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამის ნიშნები არ ჩანს - დონბასთან ახლოს, ტანკების, ჯავშანტრასპორტიორებისა და სხვა მძიმე ტექნიკის აქტიური მოძრაობა შეინიშნება, რომლებიც ვორონეჟის, როსტკოვისა და ვოლგოგრადის მიმართულებით, ასევე ყირიმის ხიდისკენ გადაადგილებიან. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმება ჩიხში შევიდა.

პუტინის პრესმიდივნის ცნობით, თუ ნატო უკრაინის გარშემო თავისი ძალების გაძლიერებას შეუდგება, მოსკოვი შესაბამისი ზომების მიღებას არ დააყოვნებს.

novayagazeta.ru-ს პუბლიკაციაში, სახელწოდებით, "ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული ზაფხული", გამოცემის ავტორი მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საფრთხეებს მიმოიხილავს.

"ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევის საბაბით, ბოლო წლებში რუსეთმა ბოლომდე გამოაჩინა თავისი სახე და განწყობები იმ ახალგაზრდა სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში კომუნისტურ იდეოლოგიაზე უარი თქვეს და დასავლური ღირებულებებით არჩიეს", - წერს ავტორი.

 

გამოცემის ცნობით, შედეგად ეს ქვეყნები წლებია რუსეთის რევანშიზმს იმკიან.

"რუსული ორბიტისგან გასვლის პირველი ნიშნები საქართველომ 2003 წელს გამოაჩინა, როდესაც ფერადი რევოლუციით პოლიტიკური ცვლილებები განახორციელდა. მოგვიანებით, მას უკრაინამაც მიბაძა. რუსეთმა, როგორც კი შანსი ჩაუვარდა, ნატოში გაწევრიანებისკენ ორიენტირებული საქართველო "ავანტიურაში" ჩაითრია და საქმეზე გადავიდა - 2008 წელს მასთან კონფლიქტში შევიდა. რუსეთმა მისი ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა ორივე რეგიონში ხელმძღვანელობა მისი პროტექტორატით ინიშნება.

ასე მოიქცა უკრაინასთან მიმართებაშიც, მიზეზი იპოვა და მის აღმოსავლეთით ომი გააჩაღა. შედეგად კი ყირიმი და დონბასი წაართვა. დასავლეთი, ისე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ამ პროცესებს "მოთმინებით" უყურებდა. მოგვიანებით რუსეთი სანქციებით დასაჯეს, თუმცა, პასუხად რუსეთმა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ, თავისი თეთრი, რუხი და შავი პროპაგანდა ჩართო. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, შესაძლოა, რუსეთი ბევრი მიმართულებით დასუსტდა.

ასევე აღნიშნულია, რომ ახლა რუსეთში დუღილია, დასავლეთი თავის დიაპაზონს აძლიერებს, უკრაინა, თუ სამუდამოდ არა, საკმაოდ ხანგრძლივი დროით დაკარგა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაკარგული აქვს. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის ისინიც კი, ვინც ტიპურად ჰგავს რუსეთს, იატაკვეშეთში ეძებენ რუსეთისგან დაცვის მექანიზმს. დსთ-ს პროექტი ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ რუსეთი პროპაგანდას არ ეშვება.

"სჭირდება თუ არა რუსეთის კიდევ ერთი ომი? ახლა მას უამრავი მტერი და არაკეთილმოსურნე ჰყავს, მათ შორის გავლენიანები. მის გარშემო არიან არასაიმედო მოკავშირეები, რომლებიც სიტუაციის გამო "მეგობრობენ". ჩინეთის გარდა ჰყავს ვინმე, საიმედო? ამ კითხვაზე პასუხი ძალზე მნიშველოვანია", - წერს სტატიის ავტორი.

ინტერნეტმომხმარებლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ წასული უკრაინა იმსახურებს კიდევ ერთხელ გამოსცადოს მისი ძალა... სხვები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ რუსეთი იზოლაციაში მოექცევა.

"რა უნდა უკრაინას, რისი იმედი აქვს, მართლა ჰგონია, რომ ნატო რუსეთს ცეცხლს გაუხსნის?! კიდევ ერთხელ დაზარალდება ხალხი ზელენსკის ახირების გამო. კიევი რუსული ქალაქია, არ დაგავიწყდეთ... და კიდევ, რით ვერ გაიგეს, რომ რუსეთთან თამაში არ შეიძლება?" - წერს იანა ვერეშანკა.

"ბაიდენმა წააქეზა ზელენსკი... მიდი ბატონო პრეზიდენტო, შეიყვანე არმია დონბასში, რას უსმენთ ინგლისის საელჩოს. უკრაინის არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა თავის ქვეყანაზე და ამიტომაც არიან ამ დღეში... გაიღვიძე უკრაინა, ჩვენ გყავართ. პუტინი იმიტომ შევიდა ყირიმსა და დონბასში, რომ იქ მშვიდობა ყოფილიყო", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხარებელი ალექსანდრე ასტახოვი სოციალურ ქსელში.

"რუსებო, პუტინი მხოლოდ მეზობელი ქვეყნების კი არა, ჩვენი თავის ტკივილიც არის, მალე ჰიტლერის გერმანიასავით ყველგან მიუღებელნი ვიქნებით, მთელ მსოფლიოში, რადგან სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა ფეხი დადგეს, ყველგან ნგრევა და ომი შეიტანეს, არც ერთი ქვეყანა, რომელიც ძალის ნებით ჩვენი მოკავშირეა, ვერ განვითარდა. დავფიქრდეთ ამასე, სანამ გვიანი არ არის", - წერს იური კალიჩევი.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტს 13,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ambebi.ge