რა ხდება სუეცის არხში?- გაჭედილი გემი და ყოველდღიურად 9,6-მილიარდიანი ზარალი მსოფლიოს | Allnews.Ge

რა ხდება სუეცის არხში?- გაჭედილი გემი და ყოველდღიურად 9,6-მილიარდიანი ზარალი მსოფლიოს

უცხოურ მასმედიაში აქტიურად იხილება სუეცის არხში მომხდარი საზღვაო ავარია, რომელსაც გლობალური ეკონომიკისათვის მასშტაბური ნეგატიური შედეგების გამოწვევა შეუძლია. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ გიგანტურმა კონტეინერმზიდმა "ევერ გივენმა" მართვა დაკარგა, შეტრიალდა და არხი მთლიანად გადაკეტა. გაჩნდა გემების უდიდესი "საცობი“. არხში მოძრაობის განახლებას, მის თავსა და ბოლოში - ქალაქ სუეცსა და პორტ-საიდში - 200 გემი ელოდება.

როგორც ამერიკულ"ბლუმბერგი“ («Bloomberg») წერს სტატიაში - "გემები ძველი გზით, აფრიკის გარსშემოვლით მიცურავენ“, სუეცის არხის დაბლოკვის გამო მსოფლიოს ვაჭრობა ყოველდღიურად 9,6 მილიარდი დოლარით ზარალობს. არხის ორივე მხარეს გაჩერებული გემები დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის პროდუქციით არიან დატვირთული და მათთვის ყოველი დღე ზარალის მომტანია. მათ შეუძლიათ ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლონ - ძველი საზღვაო გზით, აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე, კეთილი იმედის კონცხის გარსშემოვლით, მაგრამ ამ გზის გავლას ისინი ორ კვირას მოუნდებიან.

ექსპერტთა თქმით, არხში "გაჭედილი ვეშაპის გათავისუფლებას“ შეიძლება რამდენიმე კვირა დაჭირდეს. 200 ათასტონიანი და 400-მეტრიანი კონტეინერმზიდის მფლობელმა იაპონურმა კომპანიამ, რომელმაც ბოდიში მოუხადა მსოფლიოს სახელმწიფოებს ვაჭრობაში მიყენებული ზარალი გამო, განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს გემის "გამოსაყვანად, რომელსაც ცხვირი არხის ნაპირის ქვიშაში ღრმად აქვს შეყოფილი“. ჰოლანდიური კომპანია Smit Salvag-ის სპეციალისტთა ვარაუდით, საჭირო იქნება დაახლოებით 20 ათასამდე კუბამეტრი სილის სხვა ადგილზე გადატანა, რომ გემს ცხვირი "გაუთავისუფლონ“.

"არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ავარიის აღმოფხვრას და არხის ნაპირიდან გემის გამოყვანას შეიძლება რამდენიმე კვირა დაჭირდეს... ეს იგივეა, რომ პლაჟზე გარიყული უზარმაზარი ვეშაპი უკან, ისევ წყალში გავათრიოთ“, - განაცხადა ჰოლანდიური კომპანიის ხელმძღვანელმა პიტერ ბერდოვსკიმ.

სხვათა შორის, როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აღნიშნავს, სწორედ Smit Salvag-ის სპეციალისტები მონაწილეობდნენ ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული იტალიური კრუიზული ლაინერის "კოსტა კონკორდიას“ და რუსული ატომური წყალქვეშა ნავის "კურსკის“ ამოღებაში.

აღსანიშნავია, რომ "ევერ გივენის" მფლობელი და მისი სადაზღვევო კომპანია, დიდი ალბათობით, შეეჯახებიან საჩივრებს მილიონების მოთხოვნით იმ ფირმებისგან, რომლებმაც დროულად ვერ გადაზიდეს ან ვერ მიიღეს ტვირთები.